„ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც პოლარიზაციას ხელს უწყობს, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხია, მნიშვნელოვანია, ყველა მხარემ დაასრულოს სპეკულაციები, დაველოდოთ გადაწყვეტილებას 22 დეკემბერს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან საზეიმო მიღებაზე განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქვეყნის მოსახლეობის სურვილია, დასრულდეს პოლარიზაცია, დაინახონ ახალი ძალები და ახალი პერსპექტივები.
„საქართველოსთვის დიდ გამოწვევებთან ერთად, რომელიც ჩვენს წინაშეა და რომლებმაც შეიძლება განსაზღვროს ჩვენი მომავალი, შიდა გამოწვევები რაღაცნაირად აბსურდული, არარელევანტური, ნაკლებად მნიშვნელოვანი ჩანს. ჩვენი მოსახლეობის მისწრაფებები ცხადია. მათ სურთ დაასრულონ პოლარიზაცია, დაინახონ ახალი ძალები საქართველოს მომავლისთვის, ახალი რიცხვები, ფიგურები, პერსპექტივები.
ამ ეტაპზე ეს არ გახლავთ პოლიტიკური ძალების ნება, იქნება ეს ხელისუფლება თუ ოპოზიცია. ისინი ჯერ კიდევ ებღაუჭებიან თავიანთ ძალაუფლებას და პარტიულ მისწრაფებებს. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც ამ პოლარიზაციას ხელს უწყობს, გახლავთ ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებული საკითხი. მე ვთქვი და გავიმეორებ, რომ ამ ქვეყნისთვის, მისი რეპუტაციისთვის, შიდა სტაბილურობისა და მომავლისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა მხარემ დაასრულოს სპეკულაციები.
დაველოდოთ გადაწყვეტილებას 22 დეკემბერს, რომელიც დარწმუნებული ვარ და მინდა ვიყო დარწმუნებული, რომ საქართველოს მოსახლეობას საშუალებას მისცემს, ამ სიტუაციიდან გამოვიდეს. ყველა იყოს კონცენტრირებული თავიანთ მოვალეობაზე, ქვეყნის მართვაზე, პრობლემების გადაწყვეტაზე, ქვეყნის სტაბილურ გზაზე დაყენებაზე. იყოს კონცენტრირებული ევროპისკენ, მშვიდობისკენ, კეთილდღეობისკენ და სწორედ ეს მინდა ვუსურვო ქვეყანას და მთელ მსოფლიოს 2023 წლისთვის“, – განაცხადა პრეზიდენტმა.