სალომე ზურაბიშვილმა ფარნგულ გამოცემა „Le Figaro”-სთან თქვა, რომ „მზად არის, აიღოს პასუხისმგებლობა, მათ შორის, მეორე ვადით”.
ჟურნალისტმა მას ჰკითხა:
„თქვენი მანდატი ამოიწურება მას შემდეგ, რაც მომავალი პარლამენტი მოვალეობის შესრულებას შეუდგება. როგორი იქნება თქვენი პირადი პოლიტიკური მომავალი?”
სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა:
„მზად ვარ ავიღო დიდი პასუხისმგებლობა, მათ შორის მეორე ვადით, რათა საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ გზას. თუ ჩემ მიერ შეთავაზებული ქარტია ამოქმედდება, მზად ვარ ვიყო მომლაპარაკებელი ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან”.
ჟურნალისტმა პრეზიდენტს ასევე ჰკითხა „ქართულ ქარტიასა” და „ერთიან პლატფორმაზე”, რომლებიც მან პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა.
„ქართული ქარტია” ითვალისწინებს ბოლო წლებში მიღებული ისეთი კანონების გაუქმებას, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირთან დაახლოებას, უგულებელყოფს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ინსტიტუტებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ უზრუნველყონ საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში. იდეა ისაა, რომ მომავალი გაზაფხულისთვის შესაძლებელი იყოს ევროკავშირისათვის იმის ჩვენება, რაც გაკეთდა, რეკომენდაციების დასაკმაყოფილებლად, რათა მივიღოთ წევრობის მოლაპარაკებების გახსნის უფლება”.
„Le Figaro”-სთან ინტრვიუში პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ილაპარაკა რუსულ კანონსა და 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე.
„საქართველო ეგზისტენციალური არჩევანის წინაშეა – 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით მიჰყვება თავის ევროპულ ბედს, ან რუსეთის მსახურებაში დაბრუნდება, პუტინის რეჟიმის მოდელირებული რეჟიმით. “უცხოური აგენტების შესახებ” კანონს ტყუილად არ შეერქვა “რუსული კანონი”: სწორედ ამ კანონით დაიმორჩილა პუტინმა თავისი სამოქალაქო საზოგადოება და საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები სრულყოფილად შეესაბამება იმას, რასაც პუტინი თავისთან აკეთებს.
საქართველოს მთავრობა ცდილობს ქვეყანა ევროპას მოჰკვეთოს და რუსეთის პროტექტორატის ქვეშ მოაქციოს. მოსახლეობამ გასულ გაზაფხულს, მასობრივი დემონსტრაციებით უარი უთხრა ამ კანონსა და ამ მიმართულებაზე, რომლის თავსმოხვევასაც ცდილობენ. ახლა მათ ეს არჩევნებზე უნდა დაამტკიცონ”. – თქვა ზურაბიშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მკაფიოდ აირჩია მოსკოვთან დაახლოების გზა დ ეს ნათელი გახდა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
„ხელისუფლებამ მიატოვა ისტორიული პროდასავლური პოზიციონირება მოსკოვთან კავშირის სასარგებლოდ. სწორედ ამის გამო რუსეთის ლიდერები ქართველ კოლეგებს რეგულარულად ულოცავენ გადაწყვეტილებებისა და განცხადებების გამო. არის თუ არა ეს მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების”, ერთადერთი ინიციატივა თუ კრემლის ზეწოლა,- ძნელი სათქმელია. მაგრამ ცხადია, რომ ეს პოლიტიკა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერაა ნაკარნახევი, რომლის მოსკოვთან ურთიერთობაც ყველაზე გაუმჭვირვალეა”.
კითხვაზე, როგორ ემზადება ხელისუფლება ამ არჩევნებისთვის, პრეზიდენტი პასუხობს, რომ უნდა ველოდოთ „დავრკოლებებს, რათა ხელი შეეშალოს დიასპორას ხმის მიცემაში, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას და ქართველების შიშებზე გათვლილი პროპაგანდას – ომი თუ ლგბტ საკითხი”.