ზურაბიშვილი ნავალნისა და სააკაშვილზე: შედარების მიზეზი არ არსებობს

პუბლიკა

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ალექსეი ნავალნისა და მიხეილ სააკაშვილის შემთხვევების შედარების მიზეზები არ არსებობს.

The Bloomberg-თან ინტერვიუში პრეზიდენტმა თქვა, რომ „საქართველო არ არის რუსეთი”.

ამონარიდი ინტერვიუდან:

ჟურნალისტი: დღეს ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ შევიტყვეთ. მინდა გკითხოთ თქვენ რას ფიქრობთ? ასევე, თქვენ გყავთ მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ასევე მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს…

სალომე ზურაბიშვილი: არ ვფიქრობ, რომ შედარება შეგვიძლია.

ჟურნალისტი: უბრალოდ, ჰუმანიტარული თვალსაზრისით, მაგალითად, შეძლებთ, რომ…

სალომე ზურაბიშვილი: შედარების მიზეზი არ არსებობს, განსაკუთრებით, ამ შემთხვევაში. საქართველო რუსეთი არაა და ამას ყოველთვის გავიმეორებ! რაც შეეხება ამ ტრაგიკულ სიტუაციას, რომელიც ალექსეი ნავალნის ეხება… თუ ეს სიმართლეა, თუ ეს დადასტურდება, (მისი მეუღლე ახლახან აქ კონფერენციაში მონაწილეობდა), ვფიქრობ, ეს დამღუპველი და ტრაგიკული იქნება მთელ მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის; რუსეთისთვის კი, ეს უბრალოდ იმას დაადასტურებს, რა რეჟიმია დღეს იქ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენთვის, ყველასათვის ეს ტრაგედია იქნება.

რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი დაიღუპა. ის 47 წლის იყო.

სიკვდილის შესახებ ინფორმაცია მისმა პრეს-მდივანმაც დაადასტურა.

რუსეთის სასჯელაღსრულების უწყების განცხადებით, ალექსეი ნავალნი „გასეირნების შემდეგ ცუდად გახდა და ფაქტობრივად მაშინვე დაკარგა გონება”. თუმცა, პრეს-მდივნის განცხადებით, ნავალნი მოკლეს.

დაპატიმრებამდე, 2020 წლის აგვისტოში ალექსეი ნავალნი მოწამლეს. რუსული ჰოსპიტლიდან ის ბერლინში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა მის ორგანიზმში აკრძალული ნერვული აგენტი – “ნოვიჩოკი” აღმოაჩინეს. რუსი ექიმების დასკვნების საწინააღმდეგოდ, გერმანელმა ექიმებმა განაცხადეს, რომ პოლიტიკოსი მოწამლული იყო.

ის კომიდან იმავე წლის 15 სექტემბერს გამოვიდა.

2021 წლის 17 იანვარს კი რუსეთში დაბრუნდა. ის რუსეთში, შერემეტიევოს აეროპორტშივე დააკავეს და მალევე „ექსტრემიზმისა და თაღლითობისთვის” 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 2023 წლის აგვისტოში მას ექსტრემიზმთან დაკავშირებული ბრალდებით პატიმრობა კიდევ 19 წლით გაუგრძელეს.

ის არქტიკული წრიდან დაახლოებით 40 კილომეტრში, სპეციალური რეჟიმის ციხეში იმყოფებოდა.

2023 წლის დეკემბერში ალექსეი ნავალნის 20 დღეზე მეტხანს ვერ უკავშირდებოდნენ. ის 26 დეკემბერს გამოჩნდა.

ნავალნი ვლადიმირ პუტინის ოპოზიციაში 2011 წლიდან ჩადგა. რუსულმა რეჟიმმა დააპატიმრა მისი მომხრეები და ადვოკატები.

ასევე, კიდევ ერთი რუსი ოპოზიციონერი, ვლადიმირ კარა მურზა უკრაინაში რუსეთის შეჭრის კრიტიკისთვის 2023 წლის აპრილში დააკავეს და 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.