ზურაბიშვილი: „ოცნება" ცდილობს, დაგვარწმუნოს, რომ არჩევნებში სერიოზული კონკურენტები ჰყავს და მათი შევიწროება სჭირდება

პუბლიკა

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებას, რომელიც მამუკა ხაზარაძის ოჯახსა და გერმანიის საელჩოს შორის დადებულ ხელშეკრულებას ეხება.

ანტიკორუფციულმა ბიურომ დღეს, 6 აგვისტოს განაცხადა, რომ უწყება ახორციელებს ხაზარაძის ქონებრივი დეკლარაციის მონიტორინგს. მათი ცნობით, მონიტორინგის მიზანია, დადგინდეს დეკლარაციაში წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორე და შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.

მანამდე, დღეს „ლელომ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აღსრულების ბიურომ პარტიის საბანკო ანგარიში დააყადაღა.

სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ რაჟდენ კუპრაშვილის უწყების მიერ დაწყებული მონიტორინგი „პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ემსახურება, თუმცა, ეს ანგარიშსწორება არ ნიშნავს რეჟიმის ბრძოლას ხაზარაძესთან (ან გახარიასთან)”.

„პირიქითაა: ეს დევნა მმართველ პარტიას იმისთვის სჭირდება, რომ დაგვარწმუნოს იმაში, რომ ძალიან აწუხებს და ეშინია რეჟიმს ამ ორი პარტიის კონკურენციის. გაჩაღებული რეპრესიები მათ წინააღმდეგ, ლიდერების თვალში მხოლოდ და მხოლოდ ადასტურებს მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილების სისწორეს და უჩენს რწმენას, რომ გამარჯვების სხვა გზა არ არსებობს და მათ გარდა გამარჯვებას ვერავინ ვერ მოიპოვებს. ეს რწმენა მყარდება რეჟიმის მიერ მოწყობილი ყოველი მორიგი შემოტევის შემდეგ. ამავე მიზანს ემსახურება – რუსეთის პროკურატურის დახმარებით – ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმე. ვითომცდა სხვა ძლიერი ქართველი მეომარი არ ყოფილიყოს უკრაინის ფრონტზე, რომელიც რუსეთის ამგვარ ყურადღებას დაიმსახურებდა.

სინამდვილეში „ოცნება” ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ ამ არჩევნებში სერიოზული კონკურენტები ჰყავს და მათი შევიწროება მას სჭირდება. ამით არწმუნებს სამიზნე კონკურენტს მის სწორ გადაწყვეტილებაში და იმაშიც, რომ მას აქვს სერიოზული შანსი „მერიის მოგების”. ეს რწმენა აუცილებელია, რათა მონაწილეობას აზრი არ დაეკარგოს.

რეალურად, რეჟიმს პარტიების მონაწილეობის კი არა, მხოლოდ საზოგადოების ეშინია.

მას სჭირდება მონაწილეობის იმიტაცია არა რამე ლეგიტიმაციისთვის (რასაც ვერაფერი მას ვერ დაუბრუნებს) არამედ იმისთვის, რომ შესაძლო მესამე ძალის სამომავლო ფორმირებას გზა გადაუკეტოს.

მისი საბოლოო დელეგიტიმაცია, ამ პარტიების საბოლოო დისკრედიტაციით დააბალანსოს. პოლიტიკური ნიადაგი გაასუფთაოს, სადაც „ნაცმოძრაობის” და „ოცნების” გარდა სხვა ძალა გაქრება.

დროა ამ ხაფანგიდან გამოსვლის“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.