ზურაბიშვილი: ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის არჩევნების ჩატარება უკანონო და მიუღებელია

პუბლიკა

პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ ჩატარებულ არჩევნებს გმობს და აღნიშნავს, რომ ეს საკითხი დღეს NATO-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის დროს დააყენა.

„ყოვლად მიუღებელი და უკანონოა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება. ეს კიდევ ერთხელ უხეშად ლახავს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო ნორმებს.

დღეს, როცა კვლავ ოკუპირებულია აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, მივმართავ საერთაშორისო საზოგადოებას სათანადო რეაგირება მოახდინოს რუსეთის ფედერაციის ამ უკანონო და ქვეყნის სუვერენიტეტის შემლახავ ქმედებებზე.

აღნიშნული საკითხი საქართველოს პრეზიდენტმა იენს სტოლტენბერგთან დღეს ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრისას დააყენა და კიდევ ერთხელ დაგმო”, – წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც გმობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას და საარჩევნო უბნების უკანონოდ გახსნას, მასში ადგილობრივი მოსახლეობის მასობრივად ჩართვის მიზნით.