ზურაბიშვილი: პრეზიდენტის ყველა სიტყვა (ჩაცმა, „ლობიოს ჭამა") ხდება საქილიკო

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქზე პოსტს აქვეყნებს, ის კითხულობს – „რას ემსახურება პრეზიდენტის ბულინგი”?

„იმის მაგივრად, რომ საქმეზე ორიენტირებული კომენტარები ან თუნდაც კრიტიკა ისმოდეს, ჩასაფრებული პოზიციიდან პრეზიდენტის ყველა სიტყვა (არაფერი, რომ ვთქვათ მის ჩაცმაზე, გადაადგილებაზე, თუ „ლობიოს ჭამაზე“) ხდება საქილიკო. ვრცელდება დამახინჯებული და გროტესკულად კონტექსტიდან ამოგლეჯილი მისი სიტყვები, ცილისმწამებლური შეფასებებითა და ინტერპრეტაციებით.
რაზედაც შემდეგ ითხოვენ პრეზიდენტისგან განმარტებას და ასევე სთხოვენ ხელისუფლების წარმომადგენლებს კომენტარის გაკეთებას არასწორად მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რათა შეიქმნას დაშორებისა თუ დაპირისპირების განცდა.

ამით უნდათ გააჩინონ საზოგადოებაში გაუგებრობა და უნდობლობა.

ვის აწყობს, პრეზიდენტის ინსტიტუტის დასუსტება? ხან მასსა და პოლიციას, ხან მისიასსა და თავდაცვის ძალებს ან კიდევ მასსა და მმართველ გუნდს შორის ბზარის გაჩენა?

მცდელობაა ასევე, რომ პრეზიდენტის ყველა ინიციატივა, მით უმეტეს, რომელიც ეხება ეროვნული ფასეულობების დაცვა-გაძლიერებას, იყოს იგნორირებული, დაკნინებული, დამახინჯებული, და გადაფარული ახალი “სკანდალით”.

გუშინდელი მეტად მნიშვნელოვანი წამოწყება მოიცავდა ყველა იმ უწყებების/ინსტიტუტის შეკრებას, რომლებიც საქართველოსა და კავკასიის შესწავლას ემსახურებიან, სწორედ ამ ღონისძიებაზე დაარსდა მათი ერთიანი საკოორდინაციო ცენტრი და ეს ნამდვილად არის ეროვნული საქმე.

ასეთი წამოწყების მიზანია, რომ ჩვენს მეცნიერებასა და კულტურას კიდევ უფრო მეტად „გავუშალოთ ფრთები” (რაზედაც ალბათ ვიღაც დაწერს, რომ ავიაციას ვებრძვი), რათა მსოფლიოში ჩვენ თვითონ გავიტანოთ სწორი და სრული ინფორმაცია ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მიღწევების შესახებ. დღეს ჩვენ თუკი გვესმის დღევანდელი მსოფლიოს გამოწვევები და რბილი ძალების შეტაკება, უნდა გვესმოდეს, რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ეროვნული იდეოლოგიის გაძლიერება, რაც თავისთავად ჩვენი სტრატეგიული მიზანიც უნდა იყოს”, – წერს პრეზიდენტი.