ზურაბიშვილი: ქართველმა ხალხმა დამსახურებულად მიიღო კანდიდატის სტატუსი

პუბლიკა

„ქართველმა ხალხმა დამსახურებულად მიიღო კანდიდატის სტატუსი”, – საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

„დღევანდელი დღე საქართველოსა და ჩვენი ევროპული ოჯახისთვის მონუმენტური ეტაპია! ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ თავისი სიტყვა თქვა და მიიღო კანდიდატის დამსახურებული სტატუსი!

საქართველოს გაერთიანება ევროპულ ოჯახთან შეუქცევადი პერსპექტივაა!”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

 

ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ამის შესახებ საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა X (Twitter)-ზე დაწერა.

მისივე განცხადებით, საბჭომ გადაწყვიტა, უკრაინასა და მოლდოვასთან დაიწყოს მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრებაზე.

ევროკავშირი ასევე გახსნის მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცოგოვინასთან მას შემდეგ, რაც ის დააკმაყოფილებს წევრობის კრიტერიუმებს.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კამპანიის „ჩვენი ხმა ევროპას” ფარგლებში ხელმოწერებს აგროვებდა, რომლის მიზანიც ევროკავშირისთვის ხალხის ერთობლივი ხმის მიწვდენა იყო, რათა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიეღო.