საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ყველა კითხვა, რაც აქამდე არსებობდა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში აქციის დაშლის დროს ქიმიური ნივთიერებების შესაძლო გამოყენების შესახებ, ისევ არსებობს.
სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც დღევანდელ საპროტესტო მარშში მონაწილეობს, „ტვ პირველის“ ეთერში თქვა, რომ ყველა პასუხი, რაც „რეჟიმის ან სუსის წარმომადგენლისგან მოვისმინეთ, არის აბდა-უბდა და არ არის დამაჯერებელი“.
„აშკარად ჩანს, რომ ეს ყველაფერი მათთვის არის დაულაგებელი, როგორ უნდა მისცე ამას რეაქცია და ამ დროს იზრდება რეაქცია ხალხში, იზრდება რეაქცია საზღვარგარეთ და უფრო და უფრო დაბნეულები არიან.
ყველა კითხვა, რაც არსებობდა, არსებობს ახლაც და აუცილებელია, ჩატარდეს ნამდვილი გამოძიება, რაც, სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში ვერ ჩატარდება. საჭიროა, რომ უცხოელი ორგანიზაციები ჩაერთონ ამ გამოძიებაში იმისთვის, რომ ზუსტად გავიგოთ, რა ქიმიური ნივთიერებები იყო გამოყენებული.
ეს ჯერ არ ვიცით და არანაირი მათი პასუხი ამაზე დამაჯერებელი არ არის“. – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
დღეს, 6 დეკემბერს სუსის უფროსის მოადგილე ლაშა მაღრაძემ ბრიფინგი ჩაატარა და თქვა, რომ 2024 წლის 4-5 დეკემბერს აქციების დაშლის დროს გამოიყენებოდა ნივთიერება ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, რომელიც შსს-მ 2007 წლის დეკემბერში შეიძინა, ხოლო 2009 წლის მარტში შეიძინა ტრიქლოროეთილენი.
მაღრაძის თქმით, შსს-მ 2024 წლის 4-5 დეკემბერს აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლში გამხსნელად გამოიყენა პროპილენ გლიკოლის ხსნარი.
ლაშა მაღრაძეს არ უთქვამს, რა ნივთიერებები გამოიყენეს საპროტესტო აქციების სხვა დღეებში – აქციები 28 ნოემბერს დაიწყო. შსს-მ იმავე დღეს დაიწყო დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებების, მათ შორის, წყლის ჭავლის გამოყენება.
მისივე თქმით, BBC-ის გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
სუსმა BBC-ის საქმეზე გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით დაიწყო 319-ე, ასევე 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.
1 დეკემბერს BBC-იმ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის თანახმადაც, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოში საპროტესტო აქციებზე დემონსტრანტების დასაშლელად I მსოფლიო ომში გამოყენებული ტოქსიკური ნაერთი, „კამიტი“, ანუ ბრომობენზილის ციანიდი გამოიყენეს.
ის, რომ წყლის ჭავლში, სავარაუდოდ, ქიმიური ნივთიერებები იყო შერეული, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციების დაწყებისთანავე განაცხადეს როგორც ჟურნალისტებმა, ასევე ექიმებმა და სამოქალაქო ორგანიზაციებმა. 2024 წლის 30 ნოემბერს ალექსანდრე დარახველიძემაც არ უარყო, რომ წყლის ჭავლში, რომლითაც პოლიცია ბოლო ორი დღის განმავლობაში აქციაზე დემონსტრანტებს შლიდა, გარეული იყო „სხვა ნივთიერებაც“.
„საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, წყლის ჭავლში გარეული იყოს შესაბამისი ნივთიერებები, გაზი იქნება თუ სხვა რამ“, – თქვა მაშინ დარახველიძემ. თუმცა, მისივე მტკიცებით, ყველაფერი კანონიერად მოხდა.
ის, რომ წყლის ჭავლში გაზს ურევდნენ, 2024 წლის 24 ოქტომბერს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმაც დაადასტურა.
წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერებების შერევას ადასტურებს ირაკლი კობახიძეც. „ოცნების” პრემიერ-მინისტრი ამტკიცებს, რომ წყალში შერეული არ ყოფილა „კამიტი“, ხოლო იმას, თუ რა ნივთიერება იყო გამოყენებფული, „გამოძიება დაადგენს”.
BBC-ის გამოძიების თანახმად, მათ მოიპოვეს კონფიდენციალური დოკუმენტი – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2019 წლის ინვენტარიზაციის სია, მისი ნამდვილობა დაადასტურეს. დოკუმენტში მათ ორი საყურადღებო ნივთიერება აღმოაჩინეს:
- ქიმიური ფხვნილი, კოდით – UN3439, რომელიც სამრეწველო ქიმიკატების დიდ ჯგუფს აერთიანებს, თუმცა, BBC-ის მიხედვით, ამ ჯგუფიდან ისტორიულად მხოლოდ „კამიტი“ გამოიყენებოდა დემონსტრანტების წინააღმდეგ.
- ქიმიური სითხე, კოდით – UN1710. რომელიც გამოცემის მიხედვით, ტრიქლოროეთილენია და ქიმიური ნივთიერებების წყალში გასახსნელად გამოიყენება. ტრიქლოროეთილენი კარცეროგენია.
დოკუმენტში ამ ნივთიერებების შეზავების წესებიცაა შეტანილი. BBC გდდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს ესაუბრა ლაშა შერგელაშვილი, რომელიც გდდ-ში შეიარაღების უფროსი იყო, ამბობს, რომ 2009 წელს მას ახალი ნივთიერების ტესტირება სთხოვეს სწორედ იმ კოდებით, რომლებსაც მიაკვლია ბრიტანულმა გამოცემამ.
გამოცდისას შერგელაშვილმა აღმოაჩინა, რომ გამოყენებული ნივთიერება ჩვეულებრივზე 10-ჯერ ძლიერი იყო. შერგელაშვილი ამბობს, რომ ყოფილმა კოლეგამ მას დაუდასტურა საპროტესტო აქციებზე ამ ნივთიერების გამოყენება.
BBC-ის განცხადებით, გდდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსნებმა მათ დაუდასტურეს, რომ შერგელაშვილის მიერ დასახელებული ნივთიერება მათ პროტოკოლში ნამდვილად წერია.