პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რომის პაპს, ფრანცისკეს ესაუბრა.
პრესრელიზის მიხედვით, საუბარის ერთ-ერთი თემა იყო მსოფლიოში ეკოლოგიური მდგომარეობა და გარემოსდაცვითი საკითხები, „რომელიც რომის პაპის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს”.
„საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოსათვის ეკოლოგიის დაცვა და ქვეყანაში არსებული ეკოსისტემების შენარჩუნებაზე ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანია. რომის პაპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გარემოსდაცვით საკითხებში იგი საქართველოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს”, – ვკითხულობთ ადმინისტრაციის გავრცელებულ პრესრელიზში.
გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რომის პაპი 14 მაისს პანდემიისაგან დედამიწის ხსნისათვის ლოცვას აღავლენს. მან საქართველოს პრეზიდენტს აღუთქვა, რომ ილოცებს საქართველოსთვის, როგორც უდიდესი სულიერების მქონე და მისთვის ძვირფასი ერისათვის.