საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან ინტერვიუში კიდევ ერთხელ გააკრიტიკა რუსული კანონი და აღნიშნა, რომ ეს არ არის ქართველი ხალხის ნება.
მისი თქმით, საქართველო ახლა უფრო ახლოსაა ევროინტეგრაციის გზაზე, რის შეჩერებასაც რუსეთი თავისი ჰიბრიდული სტრატეგიით ცდილობს, რასაც დღეს ხელისუფლება ეხმარება.
მან, ასევე, ისაუბრა ბოლო სამი დღის განმავლობაში მიმდინარე მშვიდობიან აქციებზე და თქვა, რომ მისი მიზანი, საბოლოო ჯამში, მიმართული უნდა იყოს არჩევნებისკენ.
„რაც ცხადია, არის ის, რომ ქართული საზოგადოება არასდროს მისცემს უფლებას მთავრობას, რომელიც პრორუსულია, დარჩეს მის მთავრობად, რადგან ეს ეწინააღმდეგება იმ ეგზისტენციალურ არჩევანს, რომელსაც საქართველო ყოველთვის აკეთებდა მისი ისტორიის განმავლობაში და არ შეიცვლება.
[…] მე არ ვფიქრობ, რომ ძალადობის სცენები იქნება, ვფიქრობ, რომ საზოგადოება ძალიან მშვიდობიანია – რაც ვნახეთ ბოლო სამი დღის განმავლობაში, არის მასობრივი, თუმცა მშვიდობიანი დემონსტრაციები, უამრავი ახალგაზრდა ადამიანით, რომლებიც ცეკვავდნენ და სკანდირებდნენ. დარწმუნებული ვარ, ეს გაგრძელდება.
ეს ტრენდია და უნდა იქცეს სტრატეგიად და მიმართული უნდა იყოს შემდეგ არჩევნებზე. ამ ქვეყანაში რადიკალური გადაჭრის გზები აღარ გვინდა, ეს ქვეყანა უნდა დარჩეს სტაბილური და ევროპისკენ გზა არჩევნებში უნდა მოვიგოთ. ეს იქნება არჩევნების თემა: რუსეთი თუ ევროპა და ეჭვიც არ მეპარება, საქართველო რა არჩევანს გააკეთებს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.