ზურაბიშვილი სააკაშვილზე: შეწყალება სამართლებრივად არაფერს შეცვლიდა, ვცდილობდი, მთავრობა დამერწმუნებინა, სამაჯურით გაეშვათ

პუბლიკა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ფორმულას“ ეთერში, გადაცემაში „ხალხთან ერთად“ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

შეკითხვაზე, რატომ არ შეიწყალა სააკაშვილი და ხომ არ ნანობს დღეს ამას, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ არ ნანობს, რადგან შეწყალებას შედეგი არ ექნებოდა, „მეორე, მესამე საქმე იყო და გააგრძელებდნენ“.

„ნანობს“ ვერ იქნება, რადგან ამას შედეგი არ ექნებოდა. ეს კარგად უნდა გაიგოს ყველამ, სამართლებრივი კონტექსტი ისე იყო შექმნილი ამათ მიერ, რომ შეწყალება-არშეწყალება არაფერს შეცვლიდა. მეორე, მესამე საქმე იყო და გააგრძელებდნენ. არ გამოვიდოდა არცერთი დღით ციხიდან. ეს არის მოცემულობა.

მეორეა, ჩემი მორალური გადაწყვეტილება, რაზეც არ ვარ ვალდებული, რომ ახსნა-განმარტება გავაკეთო, თუმცა ვიტყვი, რომ ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, ეს გადაწყვეტილება, რომელსაც ეწინააღმდეგებოდა ნახევარი ქვეყანა, ჩემი მორალური პოზიციიდან მისაღებია;

მესამე, დღეს მე არც ვნანობ და არც უარვყოფ, რასაც ვამბობდი, მაგრამ დღეს ძალიან მეცოდება, რადგან ეს გაუგებარი სიტუაციაა, რაც ხდება. ადამიანურად ადრეც მეცოდებოდა და ვცდილობდი, სანამ მქონდა რაღაც ურთიერთობა არსებულ მთავრობასთან, დამერწმუნებინა ისინი, რომ როგორც პრეზიდენტს, სხვანაირად მოჰქცეოდნენ და სამაჯურით გაეყვანათ გარეთ, როგორც ხდება დემოკრატიულ, ცივილიზებულ ქვეყნებში და არა ამ პროცესით. დღევანდელ დღეს მე არანაირი კავშირი და საუბარი არ მაქვს.

ისიც უნდა ითქვას და გაიგონ, ვინც იცავენ სააკაშვილს, დღეს მისი გამოშვების საკითხი არის მთლიანად მიბმული ამ რეჟიმის შეცვლასთან. ყველაფერი, რაც კეთდება და აპირისპირებს ადამიანებს ოპოზიციაში, რაც ქმნის ისეთ საკითხებს, რაც ყველასთვის არ არის მისაღები, ასუსტებს ოპოზიციას, მთლიანად მუხტს, რომელიც ყველას გვინდა, რომ იყოს ერთიანი. უფრო გვაშორებს ერთიანი მიზნისგან, რომ ეს რეჟიმი შეიცვალოს და სამართლიანი გადაწყვეტილებები იყოს მიღებული“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.