ზურაბიშვილი: სამარცხვინოა ოდიშარიას განცხადება ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ჩვენი მოქალაქეების შესახებ

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „სამარცხვინოს” უწოდებს „ქართული ოცნების” წევრის, ბექა ოდიაშარიას განცხადებას, საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქეების დაკავების შესახებ.

ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ ეს, როგორც ჩანს, „ოცნებისეული“ ხედვაა, ოკუპანტებთან სამომავლო ურთიერთობების დალაგების.

„სამარცხვინო განცხადება ბექა ოდიშარიასი ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებული ჩვენი მოქალაქეების შესახებ!

საერთოდ უდანაშაულობის პრეზუმფცია არ იცოდე, რას გულისხმობს და უარესი, კიდევ ეგრეთ წოდებული სამართალდამცველების ბრალდებებს უაპელაციოდ იზიარებდე.

ეს, როგორც ჩანს, „ოცნების” მიერ გაგებული ოკუპანტებთან სამომავლო ურთიერთობების დალაგების ხედვაა, რისთვისაც თურმე საკონსტიტუციო უმრავლესობა  სჭირდებათ!”, – წერს პრეზიდენტი.

„ქართული ოცნების“ წევრი ბექა ოდიშარია საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქეების დაკავებას ამართლებს და ამბობს, რომ „სამწუხაროდ, ამ ადამიანსაც ხელი შეუწყვია იმისათვის, რომ ის დაეკავებინათ”.

მისივე თქმით, დაკავებულმა მოქალაქეებმა პასუხი აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ან რუსული საოკუპაციო ჯარის წინაშე არ უნდა აგონ და საქართველოს ლეგიტიმურ ხელისუფლებას უნდა გადმოსცენ.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ოკუპირებული გალში უკანონოდ დააკავეს სოფელ ოტობაიაში მცხოვრები საქართველოს ორი მოქალაქე, მურთაზ და რემიკო ჭითანავები.

უწყების ცნობით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ ოპერირებული ცხელი ხაზის მეშვეობით დაადასტურეს უკანონო დაკავების ფაქტი და განაცხადეს, რომ ე.წ. „სისხლის სამართლის საქმე“ აღძრულია „უკანონო მიგრაციის ორგანიზების“ ე.წ. „ბრალდებით“, უკანონოდ დაკავებულ ორივე პირს, ე.წ. „სასამართლოს“ მიერ „მიესაჯა“ 2-თვიანი „წინასწარი პატიმრობა“ და ამჟამად იმყოფებიან ე.წ „აფხაზეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის იზოლატორში“.

სუს-ი თავის განცხადებაში არ ახსენებს, თუმცა საოკუპაციო რეჟიმი მიუთითებს, რომ დაკავებულებს თან იარაღიც ჰქონდათ.

უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს მიაწოდა ინფორმაცია.

ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით.

სუს-ი მიუთითებს, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონო დაკავებები ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია უკანონოდ დაკავებული პირის უპირობოდ გათავისუფლება.