ჩვენი საზოგადოებისთვის უხერხულ საკითხად რჩება სექსუალური უმცირესობების მიერ მათი უფლებების საჯაროდ დაცვა - ზურაბიშვილი ევროსაბჭოში

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა. თავის სიტყვაში პრეზიდენტი ლგბტ თემის უფლებებსაც შეეხო და განაცხადა, რომ სექსუალური უმცირესობების მიერ მატი უფლებების საჯაროდ დაცვა ქართული საზოგადოებისთვის „უხერხულ საკითხად“ რჩება, თუმცა სამართალდამცავები მათ ფიზიკურ უსაფრთხოებას ეფექტიანად იცავენ.

„ჩვენი საზოგადოებისთვის უხერხულ საკითხად რჩება სექსუალური უმცირესობების მიერ მათი უფლებების საჯაროდ დაცვა. ლგბტ საზოგადოების მიერ საჯარო გამოსვლების (პრაიდის) მიმართ საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულება ეფუძნება როგორც რელიგიურ ტრადიციებს, ისე საბჭოთა პურიტანიზმის კვალს. ხლისუფლება ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ დაცულ იქნას ეს უფლებები და გამოხატვის თავისუფლება, თავიდან იქნას აცილებული კონფლიქტი სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს შორის. სამართალდამცველებმა მოახერხეს ამ სიტუაციების მართვა. ისინი ეფექტიანად იცავენ უმცირესობებს ფიზიკური ძალადობისგან“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი გამოსვლის ტექსტს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ლგბტ თემის უფლებების დაცვაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმაც ისაუბრა. ზალკალიანის თქმით, საქართველოში პრაიდის უსაფრთხოდ ჩატარება შესაძლებელი გახდა და ხელისუფლება ლგბტი პირთა სიტყვისა და შეკრების თავისუფლებას ყურადღებას უთმობს.

ლგბტ უფლებებთან დაკავშირებულ გამოწვევებზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს კითხვა ბელგიელმა დეპუტატმა ფურატ ბენ ჩიკამ დაუსვა.

„ჩვენ განვაახლეთ ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა დისკრიმინაციის საფუძველის გაფართოებით და მასში სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის დამატებით. ამ ზომებს თან ახლავს შესაბამისი ორგანოების შექმნა, საინფორმაციო კამპანიები და კვლევების ჩატარება.

მუქარის მიუხედავად, პრაიდის ღონისძიებები თბილისში უსაფრთხოდ ჩატარდა. ხელისუფლება, პოლიტიკოსები და საჯარო პირები ყურადღებას უთმობენ და საჯაროდ გმობენ ლგბტ პირების გამოხატვისა და ლგბტი პირთათვის შეკრების თავისუფლების უფლებების დარღვევას“, –  განაცხადა დავით ზალკალიანმა ევროსაბჭოს დეპუტატის კითხვაზე პასუხად.