ზურაბიშვილი: საქართველოს მომავალი უკრაინაშია, ევროპის მომავალი უკრაინის გამარჯვებაშია

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Chatham House-ის საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას ვრცლად ისაუბრა საქართველოს ევროპულ მომავალსა და ევროინტეგრაციის გზებზე.

პრეზიდენტმა გამოსვლაში განაცხადა, რომ ევროპულობა საქართველოს დნმ-შია და ამ მიზნის შესრულებას ხელს უშლის რუსეთი. მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის დამარცხებას ევროპისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

პრეზიდენტმა თქვა, რომ ბოლო 20 წელში საქართველომ ევროკავშირში გაწევრების ყველა ეტაპი გაიარა – სამეზობლო პოლიტიკაში გაწევრება, ასოცირების ხელშეკრულება, ვიზალიბერალიზაცია, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთანხმება და მყარად მიიწევდა კანდიდატის სტატუსისკენ, რაც გასული წლის დასასრულს მიენიჭა კიდეც.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, იმისთვის, რომ საქართველომ განაგრძოს ევროპული გზა და გახდეს ევროკავშირის წევრი, არსებობს კოლოსალური გამოწვევა – რუსეთი და რუსეთი უკრაინაში.

„დიახ, ჩვენ ვიცით, გამოგვიცდია და ბევრის თქმა შეგვიძლია იმაზე, თუ რას ნიშნავს იყო რუსეთის მეზობელი, იყო რუსეთის სხვადასხვა რეჟიმის მიერ, სხვადასხვა ფორმით დაპყრობილი, მაგრამ დღეს გამოწვევა უკრაინაშია. არ არსებობს საქართველოს და საქართველოს ამ ევროპული გზის მხარდაჭერა, უკრაინის მხარდაჭერის გარეშე. უკრაინის მხარდაჭერა ევროპელების, ყველა დასავლელი პარტნიორის და მათ შორის, ამერიკელთა უმრავლესობის საერთო მიზანია. ეს ყველასთვის მთავარი მიზანი და ამოცანაა“, – განაცხადა მან.

პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ომში დამარცხება ერთიანი პასუხისმგებლობაა. ის ამბობს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან და რუსეთთან სიახლოვიდან გამომდინარე უფრო ნაკლების გაკეთება შეუძლია.

„ოკუპირებული ტერიტორიების გამო, რუსეთთან სიახლოვის გამო, რომელიც ყოველდღიურად იგრძნობა, იგრძნობა გამყოფ ხაზთან, რომელიც ჩვენს და ოკუპირებულ ტერიტორიებს შორისაა ,,გავლებული“ და რომელიც თითქმის ყოველდღიურად იცვლება და სადაც ადამიანები ტყვედ აჰყავთ და სადაც ამ ხაზის ორივე მხარეს, ადამიანის ცხოვრება უარესდება: საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმიტომ, რომ ფსიქოლოგიურად უკიდურესად რთულია ამ მუდმივი ზეწოლის ქვეშ ცხოვრება და ოკუპირებულ მხარეს იმიტომ, რომ მოსახლეობას ნებისმიერი ელემენტარული უფლების განხორციელებაზე წვდომა არ აქვს.

თუ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას სამედიცინო მხარდაჭერა სჭირდება (რაც COVID პანდემიისას ძალიან თვალსაჩინო იყო), ისინი გამყოფ ხაზს რთულად კვეთენ, რადგან ყოველთვის არ აძლევენ [საოკუპაციო ხაზზე] გადმოსვლის უფლებას, ან არ იციან როდის შეძლებენ გადმოსვლას. განათლების მისაღებადაც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდიან.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაცული არ არის ენა, როგორც კულტურული იდენტობის მატარებელი ნიშანი, არანაირი გზით არ არის დაცულ არც აფხაზური და  არც ოსური ენა. ფაქტობრივად, ისინი ამ ენებზე აღარ საუბრობენ, არის მხოლოდ რუსული [ენა] და საქართველოსათვის კარგად ნაცნობი, რუსიფიკაცია. არ არის დაცული კულტურა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე არ მომხდარა ის, რის მოლოდინიც არსებობდა სეპარატისტული ძალების მხრიდან – იდენტობისა და განსხვავებულობის გაძლიერება.

მაგალითისათვის ავიღოთ აფხაზეთი. მათ მიერ გაჟღერებული ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრინციპი, რომ ეს მათი მიწაა და რომ ეს [მიწა] არ გაიყიდებოდა, ან გასხვისდებოდა უცხოელებზე, რუსებმა დაძლიეს, ძლიერი ზეწოლა მოახდინეს და შეძლეს აფხაზეთის ე.წ. პარლამენტისაგან ნებართვის აღება ეყიდათ მიწები, აეროპორტი და შავი ზღვის სანაპიროზე არსებული ოჩამჩირის პორტი. ეს თავისთავად პრობლემას წარმოადგენს, რადგან რუსეთს იქ უკვე არსებული სამხედრო ბაზების გარდა, ახალი სამხედრო ბაზის დამატება სურს.

ასე რომ, საქართველოს მომავალი უკრაინაშია, ევროპის მომავალი უკრაინაშია და უკრაინის გამარჯვებაშია. უკრაინა, მრავალი თვალსაზრისით, უკვე გამარჯვებულია, რადგან რუსეთმა წარმატებას ვერ მიაღწია და ეს ყველას კარგად უნდა გვესმოდეს. მიუხედავად, რუსული პროპაგანდის მცდელობებისა, გავლენა მოახდინოს ჩვენს საზოგადოებრივ აზრზე, პრეზიდენტ პუტინის ომის მიზნები საერთოდ არ შესრულებულა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მისი თქმით, პუტინის მიზანი რამდენიმე დღეში უკრაინაზე უპირატესობის მოპოვება და „დენაციფიკაცია“ იყო, თუმცა ეს ყველაფერი არ მოხდა.

„პირველი მიზანი რამდენიმე დღეში უკრაინაზე უპირატესობის მოპოვება იყო, რათა ენახათ, როგორ გარბის უკრაინის პრეზიდენტი, მის მთავრობასთან ერთად, უკრაინიდან. მიზანი იყო კიევის აღება და როგორც ისინი ამბობენ, დენაციფიკაცია, (რაც არავინ იცის, რას ნიშნავს, რადგან შეიძლება ვიკითხოთ, სად არიან დღეს ნაცისტები?!), ეს ყველაფერი არ მოხდა.

შემდეგ ისინი [რუსები] ფიქრობდნენ, რომ მათი სამხედრო ძალა შეძლებდა უკრაინის სამხედრო რესურსების სწრაფად დაძლევას, კვირების, ან თვეების განმავლობაში. ისინი ტანკებითა და ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის გადატანით იმუქრებოდნენ. ეს ყველაფერი უფრო ფსიქოლოგიური ომია, რომელიც KGB-ს ძველი აგენტის მიერ იმართება. არ არსებობენ ძველი აგენტები, ისინი აგენტებად რჩებიან. სწორედ ამიტომ პრეზიდენტი პუტინი იძულებული იყო დღეგამოშვებით ეცვალა თავისი სამხედრო მეთაურები, რადგან არაფერი შესრულებულა ისე, როგორც მათ წარმოედგინათ“, – განაცხადა მან.

ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობა ეგზისტენციალური საკითხია.

„მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა და შემდეგ აღადგინა ის, მაგრამ, დღეს ეს [ეგზისტენციალურია] არა მხოლოდ ჩვენთვის, „ჩვენ ერთ ნავში ვსხედვართ“, ეს ეგზისტენციალურია თითოეულისათვის. ეს არის ის მესიჯი, რომელიც მინდა, გავუზიარო საზოგადოებას, რომელიც საქართველოს უყურებს, მაგრამ რომელიც ასევე საკუთარ თავსაც უნდა უყურებდეს და აკვირდებოდეს იმ შედეგებს, რომლის მიღწევასაც საბჭოთა პროპაგანდა ყველანაირი სახის ახალი მეთოდებით სხვადასხვა საზოგადოებებზე ცდილობს: კიბერშეტევებით, ექსტრემისტული და მარგინალური ჯგუფების დაფინანსებით, ამ ჯგუფების მეშვეობით პრორუსული პროპაგანდისტული თემების გაჟღერებითა და ევროპულ საზოგადოებებში ერთიანობის დარღვევით.

მაგრამ ეს [მეთოდები] არცთუ ისე კარგად მუშაობს. უნდა აღვნიშნო, რომ ამ კუთხით [პროპაგანდასთან დამკლავებით] ჩვენ ევროპულ საზოგადოებებთან შედარებით უფრო წინ ვართ, რადგან ჩვენ ეს დიდი ხანია, ვიცით. დიახ, ჩვენთან აქტიური საბჭოთა პროპაგანდა მიმდინარეობს, დიახ ჩვენთანაც იგივე მეთოდებია: საქართველოში ისინი აფინანსებენ მარგინალურ ჯგუფებს, ისინი ოქტომბერში ჩვენი მომავალი არჩევნებისთვის ემზადებიან და სავარაუდოდ, ჩვენ ვნახავთ ყველანაირი მცდელობების გააქტიურებას, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ საქართველო ძალიან მედეგია.

ჩვენ საბჭოთა პროპაგანდის 70-წლიანი გამოცდილება გვაქვს. იმ დროს, საქართველოში საზოგადოება ძალიან აქტიური და პოლიტიზებული იყო და ამით მან შეძლო საკუთარი საღი აზრისა და სწორი მიმართულების შენარჩუნება. იგივე ხდებოდა დამოუკიდებლობის შემდეგ – ოკუპირებული ტერიტორიების არსებობის ფონზე, ყოველდღიური მუდმივი ზეწოლის ფონზე, რომელიც თბილისიდან 40 კილომეტრში მდებარე [საოკუპაციო] ხაზს მოაქვს, მე არ გამიგონია ვინმეს ეთქვას, რომ რადგან რუსული ტანკები ასე ახლოსაა დედაქალაქთან, ჩვენ ნაკლებად უნდა ვისაუბრებთ ევროპასა და NATO-ში ინტეგრაციაზე“, – განაცხადა მან. [პრეზიდენტის ადმინისტრაციის თარგმანი].