ზურაბიშვილი სკოლებში მეგრულისა და სვანური ენების არჩევით საგნად სწავლების ინიციატივით გამოდის

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სკოლებში მეგრულისა და სვანური ენების არჩევით საგნად სწავლების ინიციატივით გამოდის.

ამის შესახებ პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„რუსული საოკუპაციო რეჟიმის შედეგად აფხაზეთში ერთნაირად იზღუდება როგორც აფხაზური, ასევე ქართული ენა. წლიდან წლამდე მცირდება აფხაზურ ენაზე მოსაუბრეთა რიცხვი. გალსა და მიმდებარე სოფლებში კი მცხოვრებ ქართველებს ეკრძალებათ ქართულ ენაზე სასკოლო განათლების მიღება.

ქართული და აფხაზური ენის დაცვასთან ერთად, რომელიც კონსტიტუციით განსაზღვრულია, გვევალება მეგრულის, სვანურის, ჭანურისა და ლაზურის დაცვა, გადარჩენისთვის ზრუნვა, რამეთუ ეს ენები განუყოფელი ნაწილია ჩვენი კულტურის და წარმოადგენენ უნიკალურ სიმდიდრეს. ამას შევძლებთ, თუკი სკოლაში არჩევითი სწავლების უფლებას დავაწესებთ, პირველ რიგში, მეგრულისა და სვანურისთვის.

დედაენის დღეს საზოგადოებას კიდევ ერთხელ მინდა, შევახსენო, რომ სწორედ რუსიფიკაციის ორასწლოვანი პოლიტიკის შედეგია, რომ კავკასიურ ოჯახის ენათა აბსოლუტური უმრავლესობა დღეს გაქრობის საფრთხის წინაშეა. ეს, როცა კავკასია თავისი ენობრივი მრავალფეროვნებით ანტიკური დროიდან აკვირვებდა მსოფლიოს და არაბები მას ეძახდნენ ენათა მთას. ეს სიმდიდრეც ჩვენი დასაცავია და ამისთვის მივმართეთ იუნესკოს, რათა კავკასიური ენების დაცვის დღე გამოაცხადოს.

45 წლის წინ საბჭოთა წნეხის ქვეშ ქართველმა საზოგადოებამ შეძლო და დაიცვა სახელმწიფო ენა. დღეს უსასტიკეს პირობებში უკრაინა იბრძვის საკუთარი მიწის და სახელმწიფოს გადასარჩენად, იბრძვის საკუთარი ენისთვის. ჩვენ მათ გვერდით ვდგევართ და ვიცით, რომ ასეთი შემართებით შეუძლებელსაც შეძლებენ. ამ დღეს ვუძღვნით მათ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.