„ჰადსონის ინსტიტუტში” გამართულ პანელურ დისკუსიაზე საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, ჯო უილსონმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს.
სალომე ზურაბიშვილი მიხეილ ყაველაშვილს დე ფაქტო პრეზიდენტს უწოდებს და ამბობს, რომ საქართველოს ამერიკელმა მეგობრებმა ოქტომბერში ჩატარებული არჩევნები არ უნდა აღიარონ და დაუწესონ სანქციები არამხოლოდ „ქართული ოცნების” ლიდერებს, არამედ მისი პირველი წრის გარემოცვასაც.
„ჩემი მესიჯი თქვენთვის არის, რომ თქვენ უნდა დადგეთ მტკიცედ. ჩვენ ვგრძნობთ, რომ გვიჭერენ მხარს ამერიკელი მეგობრები. ისინი არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს და თუ რუსეთი მიხვდება, რომ შეუძლია ეს გაუვიდეს, მაშინ ის გაიმარჯვებს. არ უნდა იქნას არჩევნები აღიარებული, არ უნდა იქნას აღიარებული დე ფაქტო პრეზიდენტი.
უნდა მოხდეს ზეწოლა, სანქციები უნდა დაუწესდეს არა მხოლოდ „ქართული ოცნების” ლიდერებს, არამედ მათი გარემოცვის პირველ წრეს. რადგან ყველგან ასეა ერთპარტიულ სისტემებში, ისინი დამოკიდებულები არიან მათი მხარდამჭერების პირველ წრეზე, იქნებიან ესენი ბიზნესმენები თუ სხვები. ამიტომ სანქციები არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ მიმართულებით და ის ასუსტებს ავტოკრატიულ რეჟიმს და პრორუსულ რეჟიმს. ამიტომ, ყველაფერი ეს უნდა გაგრძელდეს და უნდა დაგვეხმაროთ, რომ ჩავატაროთ ახალი არჩევნები, რადგან სხვა გზა არ არსებობს საიმისოდ, რომ ამ ღრმა კრიზისიდან ამოვიდეს საქართველო. ერთადერთი გზა არის ახალი არჩევნები”. — ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
კონგრესმენმა ჯო უილსონმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს დიქტატორობა სურს და მას პუტინის, ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და თეირანის რეჟიმის მარიონეტი უწოდა. მისი თქმით, ივანიშვილი საქართველოში საკუთარი დიქტატურის სასარგებლოდ, საქართველოსა და ქართველი ხალხის გაყიდვას ცდილობს.
„ივანიშვილის რეჟიმი დიდ საფრთხეს წარმოადგენს აშშ-ისა და თავისუფლებისთვის მსოფლიოს მასშტაბით. ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც დიქტატორობა სურს, ომის დამნაშავე პუტინის, ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და თეირანის რეჟიმის მარიონეტია. ის იბრძვის იმისთვის, რომ საქართველო „დამპყრობლების ღერძის” გავლენის ქვეშ მოხვდეს. მარიონეტი პრემიერმინისტრი თეირანის მკვლელ რეჟიმთან შესახვედრად ჩავიდა ჩასული ზუსტად იმ დროს, როდესაც ეს რეჟიმი დონალდ ტრამპის მკვლელობას გეგმავდა, ასევე ელჩი ნიკი ჰეილის მკვლელობას, რომელიც იყო მსხვერპლთა სიაში.”
„ჩვენ ვიცით, რომ ამ რეჟიმმა დიდი ღრმაწყლოვანი პორტის გეგმა ჩინეთის კომუნისტურ პარტიას ჩააბარა ევროკავშირისა და შეერთებული შტატების შეთავაზებების წინააღმდეგ. ის ცდილობს საქართველო და ქართველი ხალხი გაყიდოს მისი დიქტატურის სასარგებლოდ, რომელიც იარაღის უზენაესობით ნარჩუნდება, დემოკრატიისა კანონის უზენაესობის ნაცვლად”. — ამბობს ჯო უილსონი.