საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ბრიფინგზე მმართველი პარტიის ლიდერის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, არ მისცემს უფლებას ირაკლი კობახიძეს, ქართველ ხალხს ქსენოფობია დააბრალოს. ზურაბიშვილის თქმით, ეს „რუსეთის თემაა“, როცა პუტინი, ვითომ თავისი მოქალაქეების დასაცავად, სხვადასხვა ქვეყანაში შედის.
„არ მჩვევია განცხადებებზე პინგ-პონგი, მაგრამ ვერ დავუშვებ, რომ ბატონი კობახიძე თავს ნებას აძლევდეს, რომ საქართველოს ხალხზე, რომელმაც არაჩვეულებრივი ტოლერანტობის მაგალითი აჩვენა მსოფლიოს, როცა წელიწადზე მეტია, იღებს ოკუპანტი ქვეყნიდან მიგრანტებს ისე, რომ არცერთი ინციდენტი არ მომხდარა. არ მივცემ მე უფლებას, რომ ამ ხალხზე, რომელმაც საუკუნეები გაიარა ისე, რომ არავის დაუბრალებია ქსენოფობია, მან დაიწყოს ამაზე საუბარი. მით უმეტეს, როცა ვიცით, რომ ეს არის რუსეთის თემა, როცა ვითომ, თავისი მოქალაქეების დასაცავად შედის სხვადასხვა ქვეყნებში, თუ კობახიძე ამის გამზადებას ცდილობს, მე მგონი, რომ ჩვენ არ დავუშვებთ ამას, არც საზოგადოება და არც მე. სადაც საზოგადოება იქნება, იქ ვიქნები მე.“
დღეს ირაკლი კობახიძემ ლავროვის სანქცირებული შვილის საქართველოში შესაძლო ყოფნის გამო გამოთქმულ პროტესტს ქსენოფობიური კამპანიის მეოთხე ტალღა უწოდა.