„ვინ მიიღო კანონის რეინიციირების გადაწყვეტილება? საქართველოში, თუ მოსკოვში?" - ზურაბიშვილი

პუბლიკა

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა BBC-თან ინტერვიუში რუსული კანონი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ის პუტინის კანონის ასლია.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა გამჭვირვალობაზე და თქვა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებული დაფინანსება არის სრულად გამჭვირვალე და ცხადი, ხოლო, რაც გაუმჭვირვალეა, ესაა ფაქტი, თუ ვინ მიიღო კანონის ხელახლა ინიციირების გადაწყვეტილება.

„ეს შეშფოთების საგანია, რადგან ის არის ასლი პუტინის კანონისა, რომელიც 2012 წელს მიიღეს და შემდეგ თანდათან გამკაცრდა და განვითარდა. ეს არის კანონი NGO-ების საქმიანობის, მედიის საქმიანობის წინააღმდეგ, ეს არის კანონი ჩვენი პარტნიორი ქვეყნების იმ საერთაშორისო ორგანიზაციების წინააღმდეგ, ევროპული ქვეყნების, აშშ-ისა თუ გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს დამოუკიდებლობას, სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობას, ეკონომიკის განვითარებას ბოლო 30 წელია და მეტი. შეშფოთების საგანია, ამიტომ იყო, რომ კანონი შარშან მასობრივი დემონსტრაციების შედეგად ვერ მიიღეს და ახლა ამ კანონის განმეორება არის პირდაპირი პროვოკაცია ქართული საზოგადოების.

იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს, აქვთ ძალიან მკაცრი წესები დაფინანსების დროს, ამიტომ ეს ყველაფერი ცხადია. არსებობს ვებგვერდები, სადაც ყველას შეუძლია ამ დეტალების ნახვა. რაც არ არის გამჭვირვალე, ესაა კორუფცია მთავრობის მაღალ დონეზე; რაც არ არის გამჭვირვალე ესაა ის, თუ როგორ გადაიდგა ეს ნაბიჯები, განსაკუთრებით ეს გადაწყვეტილება კანონის ხელახლა ინიციირების შესახებ, ვინ გადაწყვიტა, რომ კანონი ხელახლა წარედგინათ? ეს მოხდა საქართველოში, თუ მის საზღვრებს გარეთ? მოსკოვში იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული? ეს არის მთავარი კითხვები გამჭვირვალობის შესახებ”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


რუსული კანონი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა. რეგისტრაცია 83-მა დეპუტატმა გაიარა. დარბაზში არ იყო ოპოზიცია.