საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „წინააღმდეგობის პლატფორმის“ მეორე შეხვედრაზე დააფიქსირეს კოორდინაციის პოზიცია, რომ არცერთი აქ შემავალი პოლიტიკური პარტია არ მიიღებს მონაწილეობას ე.წ. საგამოძიებო კომისიაში, რომელსაც „ოცნების“ პარლამენტში თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს.
მისივე თქმით, საგამოძიებო კომისია „როგორც არალეგიტიმური პარლამენტის მიერ შექმნილი, სრულად არალეგიტიმურია და ემსახურება რუსულ ინტერესებს“.
„ჩატარდა ახალი კოორდინაციის, „წინააღმდეგობის პლატფორმის“ მეორე შეხვედრა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც უკვე ნათქვამია, მაგრამ საჭიროა ხალხმა უკეთ გაიგოს. ეს არის პლატფორმა, რომელიც ღიაა ყველა იმ პროევროპული პარტიისთვის ან იმ პარტიისთვის, რომელიც ახლო მომავალში შეიქმნება; რომლებიც იზიარებენ ჩვენს მთავარ პრიორიტეტებს, რომელიც არის ერთი – ახალი არჩევნები და არა სხვა რომელიმე მოთხოვნა და მეორე – სინდისის პატიმრების გათავისუფლება. როგორც პროევროპული პარტიები, ისინი, ასევე იზიარებენ „ქართულ ქარტიას“. ეს არის ის სამი მოცემულობა, რომელიც ქმნის და რომელიც უხსნის გზას პარტიებს, რომ ამ პლატფორმაში შემოვიდნენ.
კოორდინაციამ დღეს განიხილა ერთი აქტუალური თემა, რომელიც არის ე.წ. საგამოძიებო კომისიის საქმიანობა და ადამიანების დაბარება. ჩვენ დავაფიქსირეთ კოორდინაციის პოზიცია, რომ არცერთი აქ შემავალი პოლიტიკური პარტია არ მიიღებს მონაწილეობას ამ კომისიაში, რადგანაც ეს კომისია ერთი მხრივ, ეს კომისია არის სრულად არალეგიტიმური, როგორც არალეგიტიმური პარლამენტის მიერ შექმნილი. მეორე მხრივ, ეს კომისია ემსახურება, მხოლოდ და მხოლოდ, რუსულ ინტერესებს. არ არსებობს არანაირი საფუძველი, რომ ვინმემ მიიღოს მონაწილეობა.
ასევე ეს კომისია ემსახურება იმას, რომ დაითესოს შიში. ახლა პირდაპირ მიზანში არის ამოღებული პოლიტიკური ლიდერები, რომ ხალხში გავრცელდეს ის აზრი, რომ ყველას მოგწვდებით და ყველა ხართ სამიზნეში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე ამას უნდა დაექვემდებაროს და შიში გაავრცელოს.
დღეს დღის წესრიგში კიდევ ორი თემა გვქონდა. ერთია – შიდა მექანიზმები, რომლებიც ნელ-ნელა უნდა ჩამოყალიბდეს და გვაქვს რამდენიმე მოსაზრება.
ასევე, შევქმნით ერთიან საერთაშორისო კალენდარს იმისთვის, რომ ჩვენი პოზიციები დროულად იყოს მიწოდებული სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან თუ პარლამენტებთან, როგორც კოორდინაციის პოზიციები. ეს არ იქნება ჩვეულებრივი „ნიუსლეთერი“, არამედ ჩვენი პოლიტიკური პოზიციების გაჟღერება ყველა ჩვენს პარტნიორთან. პირველი ასეთი შემთხვევა იქნება 7 აპრილს, ევროპული საბჭოს საპარლამენტო სესიაზე და ამისთვის პარტიები ემზადებიან…
ასევე, შევქმნით ერთიან საკომუნიკაციო ჯგუფს, რომელიც შექმნის თავის Facebook-ს და Twitter ანგარიშებს და ამით ჩვენ უფრო მარტივად გავავრცელებთ ჩვენს გადაწყვეტილებებს”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.