სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ოჯახმა, რომელიც ყვარელში ქორწილის გადახდას გეგმავდა, საქართველო დატოვა.
მისი თქმით, ამ საკითხზე კომუნიკაცია ჰქონდა შს მინისტრთან. როგორც სალომე ზურაბიშვილმა თქვა თავის გამოსვლაში, ქვეყანაში მაღალი თანამდებობის პირის სანქცირებული შვილი იყო შემოსული.
„ხელისუფლებას და მთავრობას აქვს თავისი პასუხისმგებლობა და პირველ რიგში ის, რომ საზღვარი იყოს დაცული. რას ნიშნავს, რომ არ იცოდით ვინ შემოვიდა?! რას ნიშნავს, რომ სანქცირებული, თან როგორი სანქცირებული, ყველაზე მაღალი თანამდებობის პირის შვილი, იმ წრიდან, რომელიც არის უშუალოდ პუტინის წრე, ჩამოდის ქვეყანაში და არ ვიცით?!“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
გუშინ, 19 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში, მაზლის ქორწილზე დასასწრებად ჩამოვიდა სერგეი ლავროვის სანქცირებული შვილი, ალექსანდრე ლავროვა. მოგვიანებით, სასტუმრო „ყვარლის ტბამ“ უარყო ლავროვას ყოფნა სასტუმროში და განაცხადა, რომ ამ გვარით სტუმარი არ ფიქსირდება.
პრეზიდენტმა დღევანდელ განცხადებაში, ფაქტობრივად, დაადასტურა საქართველოში ლავროვის შვილის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია.