საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა, რომელმაც თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაა ახალი არჩევნების მოსამზადებლად შეიქმნას საერთო საკოორდინაციო ფრონტი, ასევე, მისივე თქმით, ზურაბიშვილი 31 მარტისთვის საპროტესტო აქციას ამზადებს.
„სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა არის, რომ ახალი არჩევნების მოსამზადებლად შეიქმნას საერთო საკოორდინაციო ფრონტი, რომელიც არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს მოიცავს, არამედ სამოქალაქო სექტორს, საპროტესტო ნაწილს. ამას გარდა, ის ამზადებს 31 მარტისთვის აქციას.
გარდა ამისა, გავიარეთ ყველა საკითხი, რაც ახალი არჩევნების მომზადებას უკავშირებდა, მათ შორის, არის: პოლიტიკური პატიმრები, საკანონმდებლო ბაზა – ის, რაც გვჭირდება იმისთვის, რომ შემდგომ ნორმალური არჩევნები ჩავატაროთ – ამ საკითხებზე ვისაუბრეთ. მთავარი არის ის, რომ ჩვენი ფოკუსი რჩება ახალ არჩევნებზე, მგონია, რომ ახალ არჩევნებს მივაღწევთ“, – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, 31 მარტი არის საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღე და ამ დღისთვის ერთობლივად დაიწყებენ მზადებას.
„განვიხილეთ 31 მარტის დიდი აქცია, რომელიც არის საქართველოს დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დღე და არის უმნიშვნელოვანესი თარიღი საქართველოს დამოუკიდებლის ისტორიაში, რისთვისაც ერთობლივად დავიწყებთ მზადებას.
მათ შორის, განვიხილეთ „საერთო წინააღმდეგობის ფრონტის“ შექმნა – პრეზიდენტ ზურაბიშვილის ირგვლივ ყველა პოლიტიკური პარტიის მონაწილეობა, რომელთათვის მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის გადარჩენა. მნიშვნელოვანია, ის რომ ასეთი საკოორდინაციო ფორმატი არსებობდეს.
მათ შორის, მაქსიმალური გაერთიანება და მაქსიმალური ძალისხმევა არის ის დაკვეთა, რაც საზოგადოებაში არსებობს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
„ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ უნდა მოხდეს საერთო ფორმატის შემუშავება, სადაც პოლიტიკურ ცენტრებთან ერთად, ის ადამიანებიც იქნებიან წარმოდგენილი, რომლებიც უწყვეტი პროტესტის ნაწილი არიან.
„საუბარი იყო ასევე მნიშვნელობაზე, რომელიც აქვს უფრო მჭიდრო კოორდინაციას პოლიტიკური ცენტრების, საზოგადოების, პრეზიდენტის ირგვლივ და ამ საუბარს ჩვენ ისევ გავაგრძელებთ. იყო მორიგი სამუშაო და ძალიან საინტერესო, შინაარსიანი შეხვედრა.
სალომე ზურაბიშვილის პოზიციაა, რომ მოხდეს მაქსიმალურ კოორდინირება, მაქსიმალური დაახლოება პოლიტიკური ჯგუფების, საზოგადოებრივი ჯგუფების. ჩვენ მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტის ირგვლივ უნდა მოხდეს საერთო ფორმატის შემუშავება. ეს შეიძლება იყოს შინაგანი წინააღმდეგობის ფრონტი, შეიძლება იყოს საკოორდინაციო საბჭო – აქ სახელებს არ აქვს მნიშვნელობა, შინაარსი არის ის, რომ აქ უნდა იყოს მართლაც პოლიტიკური ცენტრები, ამავდროულად წარმოდგენილი საზოგადოება და ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად დგანან ქუჩაში – მათი წარმომადგენლობა უნდა იყოს ასახული აქ, ამ საკოორდინაციო საბჭოში”, – განაცხადა ჯაფარიძემ.