ზურაბიშვილის თქმით, გავრილოვის ღამეს კობახიძე „პარლამენტში შეჭრის მცდელობამდე“ გადადგა

ვასკა მათითაიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა პოლონელი ევროპარლამენტარის, ალექსანდერ პოციეჟის შეკითხვას „გავრილოვის ღამის“ შესახებ უპასუხა, რომ გავრილოვის ჩამოსვლის შედეგად განვითარებული მოვლენების გამო პარლამენტის სპიკერი გადადგა და ინციდენტი ამით ამოიწურა. ზურაბიშვილის თქმით, გავრილოვის ღამეს კობახიძე „პარლამენტში შეჭრის მცდელობამდე“ გადადგა.

მისივე თქმით, ამის შემდეგ ოპოზიციის „რადიკალურმა ლიდერებმა პარლამენტში ძალით შეჭრა სცადეს, რამაც დესტაბილიზაციის მყისიერი საფრთხე შექმნა“.

„მე არ ვიცნობ არც ერთ ევროპულ ქვეყანას, რომელიც შეეგუებოდა პარლამენტში ძალით შეჭრის მცდელობას.

მე ვფიქრომ, რომ მეორე ეტაპზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების რეაქცია იყო აბსოლუტურად საჭირო“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

პოლონელი ევროპარლამენტარის შეკითხვა „გავრილოვის ღამეს“ და ბიძინა ივანიშვილის მიერ ოპოზიციის ლიდერების მიმართ სამართლებრივი დევნის საჯაროდ გამოთქმულ მუქარას შეეხებოდა.

ირაკლი კობახიძემ თანამდებობა „გავრილოვის ღამის“ მეორე დღეს, 21 ივნისს დატოვა.