ზურაბიშვილმა იმ მოცემულობებზე ისაუბრა, რამაც ხელი შეუშალა ოპოზიციურ გაერთიანებას

პუბლიკა

„ეს მცდელობა იყო საჭირო. მცდელობა ნიშნავს, რომ გარანტირებული არასოდეს არ არის, უნდა რაღაცა რისკი აიღო; და რისკი ავიღე, არ გამოვიდა”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ის გამოეხმაურა მისსავე ინიციატივის ჩაშლას, როდესაც „ლელოს” კოალიციასა და გიორგი გახარიას პარტიას გაერთიანებისკენ მოუწოდა.

მან ბრიფინგზე მოლაპარაკების დეტალებზე არ ისაუბრა. აღნიშნა მხოლოდ ის, რომ გარკვეულმა მოცემულობებმა ხელი შეუშალა პროცესს, რომ შეთანხმება შემდგარიყო.

„მე აქ არ მოვსულვარ საჭორაოდ, რომ გითხრათ, ვისი ბრალი იყო, რომ ჩაიშალა. ალბათ ყველასი და არავისი ამავე დროს. უფრო იყო ბრალი მოცემულობის, იმ წარსულის, რომელიც მძიმედ აწვება ამ ქვეყანაში ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს, პრაქტიკულად; და მომავლის, იმიტომ, რომ ყოველთვის არის შიში  – „მე როგორ დავიცვა ჩემი იდენტობა, ჩემი მომავალი“…

ორი მთავარი დამნაშავე ამ ყველაფერში არის ერთის მხრივ, პოლიტიკური კულტურა, რომელიც ჯერ არ არის ჩამოყალიბებული, კომპრომისების ძებნის კულტურა, იმიტომ, რომ ეს ჯერ კიდევ მიჩნეულია, როგორც სისუსტე, – თუ დათმობ; რამდენსაც დათმობ, ვინც უფრო დათმობ. ის ე.ი. უფრო სუსტია და ნათელია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ეს ძნელი დასძლევია.

მეორე დამნაშავე ამ ყველაფერში არის ის, რაც ჩვენ ყველას გვჭამს – უნდობლობა, ეჭვი, რომელიც გამძაფრებულია ყველანაირი კონსპირაციული თეორიებით.

და ეს ყველას ეხება, მეც მეხება, ყველაზე მოქმედებს. ამდენად, ძალიან ძნელია, რომ გათავისუფლდე ამ ყველაფრისგან; ეს გარემო ძალიან აფერხებს ძებნას იმ აუცილებელი დათმობების, იმ აუცილებელი შეთანხმების, რომელიც ქმნის საბოლოოდ მოლაპარაკებაზე შედეგს”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.