ზურაბიშვილმა თქვა, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ, რამაც სტრასბურგში დავისას ხელი შეგვიშალა - წულუკიანი

პუბლიკა

კულტურის მოქმედმა და იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა საქართველოს პრეზიდენტი გააკრიტიკა. წულუკიანის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს მიერ სტრასბურგის სასამართლოში წარმოებული საქმისას, მათ ხელი შეუშალა, იმ დროს თავიანთივე მხარდაჭერილმა პრეზიდენოტობის კანდიდატმა, რადგან სალომე ზურაბიშვილმა 2008 წლის ომის დაწყებაში საქართველო დაადანაშაულა.

თანაც, წულუკიანის თქმით, სალომე ზურაბიშვილისგან მათ რუსეთის წინააღმდეგ საქმეების წარმოებისას დახმარება არ მიუღიათ, განსხვავებით სხვადასხვა უწყებისგან. ამიტომ, ვერ მიიღებს კრიტიკას, თითქოსდა ისინი რუსეთის მიმართ ლოიალურად არიან განწყობილები.

„მახსენდება ერთი კონკრეტული, მწარე შემთხვევა, როდესაც სტრასბურგში ჩემი იურისტები მყავდა გაგზავნილი, უწყებათაშორისი შტაბი გვქონდა შექმნილი აგვისტოს ომის საქმეზე. ბოლომდე გვეთანამშრომლებოდა თავდაცვის უწყება, გენერალური შტაბი, შსს, სუსი და პროკურატურა, ამ ყველაფრის მთავარი ლიდერი, გამოძიების და იუსტიციის სამინისტრო დავის მწარმოებელი.

აი, მთელი ეს ბლოკი ვისხედით და ვმუშაობდით. შემდეგ მე იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებს ვაგზავნიდი, რომ დავა დაეცვათ.

მეორე მხარეს მათ ხვდებოდათ რუსი თანამშრომლები, რომლებიც ამტკიცებდნენ, თქვენ მოიგონეთ, თავს დაგვესხით, ისკანდერი გორში არ ჩამოგვიგდია, ეს ფოტოშოპია და ა.შ. გამოდის ქალბატონი სალომე, რომელიც ამ დროს უკვე არის პრეზიდენტობის კანდიდატი, კამპანია მიდის და ამბობს, რომ ომი ჩვენ დავიწყეთო.

ეს ჩემთვის იყო სერიოზული ხელშეშლა. მე ეს მისთვის არასოდეს მისაყვედურია და რაკი იმაზე მიდგა საქმე, ვის რა სურს და ვინ ვის ელოლიავება, ეს არის ჩემი სერიოზული პრეტენზია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა POS TV-ის ეთერში.

წულუკიანმა ასევე განაცხადა, რომ საქართველომ ერთ-ერთი დავა სწორედ „ცნობადი სახის“ საჯარო განცხადების გამო წააგო, სწორედ ამის გამო, მისი თქმით, მსგავსი განცხადებებისგან თავის შეკავებაა საჭირო.

„უნდა ვიყოთ ყველა ფრთხილად, როდესაც ვიცით, რომ სადღაც დავა მიმდინარეობს საერთაშორისო დონეზე, რაღაც განცხადბებისგან თავი შევიკავოთ, მითუმეტეს, როდესაც ეს სიცრუეა.

ასეთი რამ გააკეთა ზურაბიშვილმა, როდესაც ბრძოლის ველზე წასულ იურისტებს ზურგში გაუკეთა ასეთი განცხადება და თქვა სიცრუე, რომ თითქოს საქართველოს ომი დაუწყია და ქართული ჯარი დაადანაშაულა. რა თქმა უნდა, რუსეთმა ეს ჩვენ წინააღმდეგ გამოიყენა.

შემდეგ ჩვენ ძალიან დიდი მუშაობის შედეგად შევძელით ის, რომ ამ ყველაფრის გაბათილება შევძელით. მე არ მახსენდება ქალბატონი სალომეს დახმარება რუსეთის წინააღმდეგ ამ ყველაზე მნიშვნელოვან საქმეში“, – განაცხადა წულუკიანმა.