ზურაბიშვილმა თქვა, რომ რუსეთს ელოდება, ჩვენ კი ბოდიშს ველოდებით - რუსი დეპუტატი

პუბლიკა

ევროსაბჭოს ასამბლეაზე რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლის პეტრე ტოლსტოის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტისგან „გავრილოვის ინციდენტზე” ბოდიშს ელოდებიან, – მის კომენტარს ტელეკომპანია „ფორმულა” ავრცელებს.

„საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ ელოდება რუსეთს, ჩვენ საქართველოს პრეზიდენტისგან და პარლამენტისგან ველოდებით ბოდიშს, იმ ინციდენტისთვის, რომელიც ჩვენს კოლეგა გავრილოვს შეემთხვა. ამის შემდეგ განვიხილავთ ამ საკითხს”, – განაცხადა მან.


დღეს, 28 იანვარს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ მას რუსეთის წარმომადგენელმა ლეონიდ კალაშნიკოვმა კითხვით მიმართა: „საქართველო ყოველთვის იყო სტუმართმოყვარე ქვეყანა, რომელიც მასპინძლობდა საერთაშორისო ორგანიზაციებს. ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა უნდა გაიმართოს თქვენს ქვეყანაში. თქვენ ასევე უმასპინძლეთ მართლმადიდებლურ ღონისძიებებს, თუმცა სტუმართმოყვარე ქვეყნის პრეზიდენტმა არ დაგმო რუსეთის დელეგაციის წევრის ცემა. თქვენი ქვეყანა ხდება საშიში არა მხოლოდ პოლიტიკური თავისუფლებისა და რელიგიური, ეროვნული თუ სხვა უმცირესობების მიმართ, არამედ პარლამენტარებისთვისაც. რა არის ამაზე თქვენი პასუხი?“

სალომე ზურაბიშვილმა რუსი დეპუტატის კითხვაზე პასუხად კი განაცხადა: „ეს კანონი რუსეთის დელეგაციის ბევრ წევრს შეუზღუდავდა ქვეყანაში შემოსვლას, თუმცა რადგან ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის მიერ დეკლარირებული პოლიტიკისგან განსხვავებით, პატივს სცემს საერთაშორისო ვალდებულებებს, ვაპირებთ, პატივი ვცეთ საერთაშორისო ვალდებულებებს და მივიღოთ საპარლამენტო ასამბლეა, როგორც ამას ორგანიზაციის პრინციპები და წესები გვკარნახობს.

ეს არ არის მარტივი. ამას მარტივად არ მიიღებს მოსახლეობა, თუმცა ჩვენ ამის გაკეთებას ვაპირებთ, რადგან ვიცავთ ჩვენს პრინციპებსა და ამ ორგანიზაციის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს“.


20 ივნისს რუსეთის დუმის დეპუტატმა და კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა, რომელიც დუმაში აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებელობის აღიარებას დაუჭირა მხარი, საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის სავარძელი დაიკავა და მართლმადიდებლურ ასამბლეას გაუძღვა. რასაც მოქალაქეთა პროტესტი მოჰყვა. პარლამენტის წინ გამართული აქცია სპეცდანიშნულების რაზმმა დაშალა.