ზურაბიშვილი კანდიდატის სტატუსზე: რომ არა მარტის აქციები, ალბათ არ მიიღებდნენ რეკომენდაციას

პუბლიკა

დღეს, 22 ნოემბერს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სტუდენტებს უმასპინძლა, რომლებიც შეუერთდნენ ხელმოწერების კამპანიას „ჩვენი ხმა ევროპას“.

„მე ვიტყოდი, რომ გადაწყვეტილებაში, რომელიც კომისიის მიერ იყო მიღებული, თქვენი დიდი წვლილია (არ მინდა, ახლა ვილაპარაკო, ვის რა წილი ეკუთვნის ამ გადაწყვეტილებაში). რომ არა 8 მარტის გამოსვლები, რომ არა ევროპიდან  საქართველოში დანახული ევროპული დროშები და რომ არა ეს თავისუფლების დიდი ტალღა, ალბათ, შეიძლება ცოტა დაფიქრებულიყვნენ, არ მიიღებდნენ ამ გადაწყვეტილებას. ამიტომ, დიდი მადლობა თქვენი წვლილისათვის. მაგრამ, ეს ამით არ მთავრდება, თქვენი წვლილი და თქვენი გასაკეთებელი კიდევ ძალიან ბევრია”. – მიმართა სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებს.

პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებით არ მთავრდება გზა ევროკავშირისკენ – მისი თქმით, პირიქით, ამის შემდეგ უფრო მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება.

„იწყება ის ეტაპი, როცა ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ რეალურად ეს გადაწყვეტილება და ეს სტატუსი, რაც დიდი ალბათობით მოგვენიჭება, ამისი ღირსნი ვართ და ჩვენ სხვანაირად ვერ ვაჩვენებთ ამას, თუ არა იმით, რომ ჩავატარებთ ძალიან ღირსეულ, თავისუფალ და გამჭვირვალე არჩევნებს”. – თქვა მან.

პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ მართალია, უკრაინა ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაშია, ვიდრე საქართველო ან მოლდოვა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც მძიმე მდგომრეობაა.

„ დრო არ ითმენს და ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებისათვის, (რეალურად არ ჩანს, რომ ვინმეს რამე რეალური სტრატეგია გააჩნია), რეალური გამოსავალი ასევე ევროპაა, ევროპასთან მიერთება და ევროპის გზის გახსნაა. ეს ასევე, მათი გზაა თავისუფლებისკენ და ევროპის ამ გზაზე ჩვენგან უნდა გავიდნენ, ცხადია სხვა საშუალება არ აქვთ”. – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე რეკომენდაცია გაუწია.

მიენიჭება თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი – საბოლოო გადაწყვეტილება 14-15 დეკემბერს, სამიტზე გამოცხადდება.