ვაქცინა იქნება, მაგრამ არ უნდა გვქონდეს გადაჭარბებული მოლოდინი იმასთან დაკავშრებით, რომ ვაქცინა ერთ ან ორ თვეში პრობლემას მოაგვარებს და ამით გლობალური პანდემია დასრულდება, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას.
როგორც გახარიამ აღნიშნა, საქართველო არის COVAX პლატფორმის წევრი, რომელიც გარანტირებულად იძლევა ევროპაში მიწოდებული ვაქცინის საქართველოში შემოტანის საშუალებას.
„საქართველო არის უკვე COVAX პლატფორმის წევრი, რომელიც გარანტირებულად გვაძლევს ევროპაში მიწოდებული ვაქცინების საქართველოში შემოტანის საშუალებას. ჩვენ ამისთვის გარკვეული ფინანსური რესურსი წინასწარ გადახდილი გვაქვს. დღეს ზუსტად ვერავინ იტყვის, როდის, რა რაოდენობით იქნება ეს მოწოდებები, მაგრამ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც ვაქცინას მიიღებს და დაიწყებს პირველ რიგში რისკის ჯგუფის შემცველი მოქალაქეების ვაქცინაციის პროცესს.
ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ – ვაქცინა როგორც კი გამოჩნდება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პრობლემა ერთ ან ორ თვეში გადაწყდება. ვაქცინა არის შესაძლებლობა, რისკი შევამციროთ. პირველ რიგში სიკვდილიანობის რისკი და დავიცვათ ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ჩვენი მოქალაქეები – ხანდაზმულები და იმ პროფესიის ადამიანები, რომელთაც წინა ფლანგზე უწევთ ბრძოლა. ამიტომ ვაქცინა იქნება, მაგრამ არ უნდა გვქონდეს გადაჭარბებული მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ ვაქცინა ერთ ან ორ თვეში პრობლემას მოაგვარებს და ამით გლობალური პანდემია დასრულდება. ეს ის პასუხისმგებლობაა, რომელიც გააზრებული აქვს თითოეულ ქვეყანას, როგორც ევროპაში, ასევე ჩვენს პარტნიორებს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც ჩვენს მოსახლეობასთან ამაზე ვსაუბრობთ, უნდა გვქონდეს სწორი მოლოდინის შექმნის აუცილებლობის შეგრძნება და ეს ძალზედ მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.