საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.
„გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა ასევე აიკრძალა კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის ნაწილზეც, კერძოდ, ფარავანის უღელტეხილზე.
გზების სხვა მონაკვეთებში მოძრაობა თავისუფალია.
ინტენსიური თოვის გამო აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაქერალას უღელტეხილზე. ასევე საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე
გარემოს ეროვნული სააგენტო 22 დეკემბერს აცხადებდა, რომ 23 დეკემბრიდან საქართველოში მეტეოროლოგიური პირობები გაუარესდებოდა. 26 დეკემბრამდე მოსალოდნელია წვიმა – ზოგან ძლიერი, ასევე, ძლიერი ქარი, მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, ზღვაზე შესაძლებელია ძლიერი, 6 ბალამდე შტორმი.