სინდისის პატიმარმა ზვიად ცეცხლაძემ ევროკავშირის ელჩის ოფისიდან წერილი მიიღო.
ეს არის პასუხი ზვიად ცეცხლაძის წერილზე, რომლითაც მან „ევროკავშირის ელჩს მოუწოდა, ევროპელ ლიდერებს შეახსენოს საქართველოს მოსახლეობის არჩევანი და ევროპული მისწრაფებები.
- „არ გაგვიუქმონ ვიზალიბერალიზაცია და არ გაგვაძევონ ევროსაბჭოდან“.
- „გაახსენეთ თითოეული ახალგაზრდა, რომელიც ევროპის ჰიმნით ეგებებოდა მარბიელ რაზმებს“.
- გაახსენეთ, თუ რაოდენ ღირსეულად ეჭირა ქართველ ქალს ერთიანი ევროპის დროშა და გაახსენეთ, რომ ჩვენი პოლიტიკური საზოგადოების ერთადერთ ჭეშმარიტებად კვლავ რჩება სიტყვები – „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი!”. – მისწერა ზვიად ცეცხლაძემ პაველ ჰერჩინსკის 2025 წლის აგვისტოში.
პასუხად ევროკავშირის ოფისი წერს:
„გმადლობთ თქვენი წერილისთვის, რომელიც გამოგვიგზავნეთ.
ევროკავშირის დელეგაცია, პარტნიორ საელჩოებთან ერთად, ყურადღებით აკვირდება მიმდინარე პროტესტებთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესებს. როგორც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის სპიკერმა განაცხადა, ევროკავშირი ღრმად შეშფოთებულია საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის გამო, მათ შორის მართლმსაჯულების სისტემის გამოყენებით, როგორც რეპრესიების იარაღით დამოუკიდებელი ხმების წინააღმდეგ.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებულები და უზრუნველყოს სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლიანობის ფუნდამენტური პრინციპი და დემოკრატიული მმართველობის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი.
გმადლობთ ასევე, რომ გაგვიზიარეთ თქვენი შეშფოთება ევროკავშირსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი ურთიერთობების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ხელშესახები მიღწევაა. ბოლო ანგარიშში მოცემული ვიზის შეჩერების მექანიზმის რეკომენდაციებთან შესაბამისობა შეფასდება ევროპის კომისიის მომდევნო ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდება წლის ბოლომდე“.
ზვიად ცეცხლაძეს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა 2,5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
თავდაპირველად მას ბრალი წრდგენილი ჰქონდა ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით, რომელიც 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა, თუმცა, მას ბრალი გადაუკვალიფიცირდა და დამნაშვედ იქნა ცნობილი 226-ე მუხლის დარღვევაში, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიური მონაწილეობას.