ზვიად ცეცხლაძის წინააღმდეგ პროკურატურის მიერ საქმეში ჩადებულ ერთ-ერთ ვიდეოს ხმა არ აქვს. საუბარია „დაფიონის” facebook-გვერდიდან ჩამოტვირთულ 14-წუთიან ვიდეოზე.
დღეს საქალაქო სასამართლოში აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული 8 პირის პროცესზე მოწმე ლევან ბასილაძე იკითხებოდა, მან აღნიშნული ვიდეოს კომენტარები დაათვალიერა და დათვალიერების ოქმს დაურთო.
კითხვების დასმის ეტაპზე პროკურორს სურდა, რომ მისთვის ჩაერთოთ აღნიშნული ვიდეო, თუმცა ადვოკატებმა განაცხადეს, რომ დაცვის მხარისთვის გადაცემულ ვერსიაში აღნიშნულ ვიდეოს ხმა არ აქვს. მათ ავთენტურობის არგუმენტით, უარი განაცხადეს პროკურატურის ხელთ არსებული ვიდეოს ჩართვაზე.
პროცესის დასრულებისას კი, იმაში დასარწმუნებლად, რომ საქმეში ოფიციალურად ჩადებულ ვიდეოს ჰქონდა თუ არა ხმა, გაიხსნა დალუქული, დისკზე ჩაწერილი ვიდეო, რასაც, როგორც თავში აღვნიშნეთ, ხმა არ ჰქონდა.
მას შემდეგ, რაც სასამართლო და მხარები დარწმუნდნენ, რომ ვიდეოს ხმა არ აქვს, პროკურორმა ვაჟა თოდუამ აღნიშნა, რომ გამომძიებელმა არსენ ხუნაშვილმა ვიდეოს დათვალიერების დროს დეტალურად აღწერა და ამოწერა ფრაზები.
20 წლის ზვიად ცეცხლაძეს აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში სდებენ ბრალს. მას ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
დაცვის მხარის შესაფებით ვიდეო თავისი შინაარსით არის თავდაცვითი და მასში არაა მოწოდება თავდასხმაზე. ასეც რომ იყოს, ადვოკატი განმარტავს, რომ უნდა არსებობდეს დადასტურებული ფაქტი, რომ აღნიშნული ვიდეოში გაჟღერებულმა მოწოდებამ გამოიწვია კონკრეტული ძალადობრივი ქმედება. ამ შემთხვევაში კი, დაცვის მხარის შეფასებით, მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დადგენილი არაა.
ცეცხლაძის წინააღდეგ ბრალდების მხარეს საქმეში სამი ვიდეო აქვს.