ზვიად ძიძიგურმა უმრავლესობა დატოვა. ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, უმრავლესობა სრულად დატოვეს კონსერვატორებმა, რისი მიზეზიც გუშინდელი საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნაა.
„ჩვენ იმედი გვქონდა, რომ ყველა პოლიტიკური პარტიას შესაძლებლობა მიეცემოდა და მრავალფეროვნების წარმოშობა მოხდებოდა. ყველაფერი გუშინ ჩაფლავდა. იმათ გასაგონად, ვინც შეიძლება თქვას, რომ ჩვენ გუნდი მივატოვეთ, მაშინ როცა გუნდს ძალიან ვჭირდებოდით. ბოდიში თქვენთან ყველასთან. ჩვენ ასეთი გადაწყვეტილება ჩვენით არ მიგვიღია“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
პრესკონფერენციაზე უმრავლესობის დატოვების შესახებ ძიძიგურთან ერთად განცხადებები გააკეთეს კონსერვატორების კიდევ ორმა წევრმა, ნინო გოგუაძემ და გიგა ბუკიამ.
უმრავლესობაში კონსერვატორების ფრაქციას კიდევ სამი წევრი ჰყავს, ესენი არიან: მუხრან ვახტანგაძე, რუსლან გაჯიევი, პაატა კვიჟინაძე.
გუშინ პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ჩააგდო. კენჭისყრის დაწყებამდე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა – 101 მომხრე; 3 წინააღმდეგი; 37-მა დეპუტატმა რეგისტრაცია გაიარა, მაგრამ პოზიცია არ დააფიქსირა.