შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზვიად ხარაზიშვილმა (ხარება) თანამდებობა დატოვა – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორად რომან ქარცივაძე დაინიშნა.
რომან ქარცივაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების მმართველობის დროს ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენითაა დაჯილდოებული.
ასევე, შსს-ს ცნობით, „ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრს, გელა გელაძეს ახალი მოადგილე ჰყავს – ვაკანტურ პოზიციაზე მარიამ ტაბატაძე დაინიშნა, რომელიც ეკონომიკურ და ლოჯისტიკის დეპარტამენტებს, ასევე სსიპ ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს უხელმძღვანელებს.
„მარიამ ტაბატაძე ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრია. 2018 წლიდან იგი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა. 2013-2018 წლებში კი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საბიუჯეტო სამმართველოს უფროსი იყო. 2005-2013 წლებში მარიამ ტაბატაძე საქართველოს ფინანსთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.