ზვიად კუპრავას ბრალი ორი მუხლით წარედგინა - მას 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება

პუბლიკა

პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, ზვიად კუპრავას ბრალი ორი მუხლით წარედგინა – სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა.

უწყება აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 30 სექტემბერს, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, სოციალურ ქსელ „facebook”-ში გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი, რომლითაც საქვეყნოდ სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება გააკეთა და 4 ოქტომბერს, არჩევნების დღეს, განსახორციელებელ კონკრეტულ ძალადობრივ ქმედებებზე ისაუბრა.

ასევე, ბრალდებულმა 1 ოქტომბერს მოსამართლის განჩინების საფუძველზე მისი დაკავებისას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს ძალადობით წინააღმდეგობა გაუწია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, ზვიად კუპრავას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და 317-ე მუხლით  (სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება და ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი, ზვიად კუპრავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 1 ოქტომბერს დააკავა. 

სუსის ცნობით, დაკავების მიზეზი კუპრავას შემდეგი განცხადება გახდა:

„ასი ათასობით ადამიანმა გადაწყვიტა, 4 ოქტომბერს დაამხოს ივანიშვილი, მათ შორის მეც. ჩვენი ტაქტიკური ამოცანა არის, 4 ოქტომბერს ჩაიშალოს რუსული სპეცოპერაცია. როგორ ვახერხებთ ამას – 4 ოქტომბერს, თბილისის მასშტაბით გახსნილი იქნება 500 სპეცოპერაციის პუნქტი, მათ შორის საქართველოს მასშტაბით 3 000-ზე მეტი. ივანიშვილმა იცის, რომ 500 პუნქტი არის ყველაზე დაუცველი, რომელსაც ის დღის განმავლობაში, პრაქტიკულად, ვერ გააკონტროლებს. დილიდან როგორც ჯგუფებად, ასევე ინდივიდუალურად ვიწყებთ მოძრაობას ქალაქის მასშტაბით და 500-დან ერთ სპეცოპერაციის პუნქტს აუცილებლად გავარღვევთ, რის შემდეგაც მივიღებთ დომინოს პრინციპს და ივანიშვილი დაემხობა…“.