ზვიად კუპრავას მიმართ ძალადობის ფაქტზე გამოძიება დავიწყეთ - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილმა არჩევნების მიმდინარეობის შესახებ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 10 საათის მდგომარეობით, მცირე ინციდენტები მოხდა, თუმცა რაიმე მნიშვნელოვანი დარღვევა არ ფიქსირდება.

„ერთადერთი საქმე, რაზეც გამოძიება დავიწყეთ, გახლავთ ზვიად კუპრავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტია. ინიციატორი არის თავად ზვიად კუპრავა და რამდენიმე წუთის წინ გამოძიება დავიწყეთ სსიკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ძალადობას გულისხმობს“, – განაცხადა ცაციაშვილმა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, რამდენიმე ფაქტია, სადაც ადგილზე უკვე მობილიზებულია პოლიცია, მათ შორის მარნეულში. მისი თქმით, საქმეში გარღვევის შემდეგ უწყება ინფორმაციას გაავრცელებს.

ცაციაშვილის განცხადებით, არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. მისივე თქმით, უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით შექმნილია პოლიციის მობილური ჯგუფები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში დაიცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.


ნაციონალური მოძრაობა“/ „ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო სიის წევრი ზვიად კუპრავა აცხადებს, რომ დიდ დიღომში, მე-40 საარჩევნო უბანზე მას და სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.