პოეტ ზვიად რატიანს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება გიორგი გელაშვილმა მიიღო.
ზვიად რატიანს ბრალდება გადაუკვალიფიცირდა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს პოლიციის მიმართ წინააღმდეგობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით.
პროკურატურა მას სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის საფუძველზე პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა.
ზვიად რატიანი 2025 წლის 23 ივნისს დააკავეს. მან თბილისში, პარლამენტის შენობასთან, სილა გააწნა პოლიციელ თეიმურაზ მეშველაშვილს.
ზვიად რატიანის ადვოკატი, მარიამ პატარიძე ამბობდა, რომ ის სილის გაწვნის ფაქტს არ უარყოფს, თუმცა არ ეთანხმება ბრალდების კვალიფიკაციას, რომ ეს იყო პოლიციელზე თავდასხმა.
ზვიად რატიანი ამბობს, რომ პატიმრობა მისი „პროექტის“ ნაწილი იყო. მისი ქმედება მზია ამაღლობელისა და ნინო დათაშვილის პატიმრობამ გამოიწვია.
განაჩენის გამოცხადებამდე ზვიად რატიანმა საბოლოო სიტყვა თქვა.