ზვიად რატიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

პუბლიკა

პოეტ ზვიად რატიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო და პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

დაცვის მხარე პროცესზე ზვიად რატიანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა.

პროკურატურა ამტკიცებდა, რომ ბრალდებულების მხრიდან არსებობს როგორც ახალი დანაშაულის ჩადენის, ისე მოწმეებზე ზემოქმედებისა და ასევე მიმალვის საფრთხეები.

ზვიად რატიანმა პროცესზე თქვა:

„როგორც მახსოვს, იყო მიმალვის საფრთხე, მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

პუნქტობრივად მივყვები: რაც შეეხება მიმალვას – ჯერ ერთი, ერთი წამით მაინც არ ვუშვებ, რომ აქედან გავალ სასამართლომდე, მაგრამ მეორე – არსად არ მივიმალები, რადგან ყოველ საღამოს უნდა ვიყო რუსთაველზე და რადგან მომიახლოვდა პატიმრობა, უნდა მივხედო ჩემს სამუშაოებს…

რაც შეეხება მოწმეზე ზემოქმედებას – ზემოქმედების და ალბათ ანგარიშსწორების საფრთხე პირიქით, ჩემს მიმართაა. ყველა მოწმე, რამდენადაც ვიცი, პოლიციელია.

მესამე – იმ საქმეში, რასაც მე ვემსახურები, ლიტერატურაში, ერთი და იგივე მეტაფორის და სიმბოლოს გამეორება არაა მოსაწონი საქციელი. ჩემი მოქალაქეობრივი და ლიტერატურული პასუხისმგებლობა ერთმანეთისგან არ გაიყოფა. ერთია, სხვანაირად არ კეთდება ხელოვნება, უამრავი პასუხისმგებლობათა ჯამია. სხვანაირად არც ხარისხია და არც არაფერი. არ ვაპირებ იმავეს გამეორებას“.

ზვიად რატიანი 23 ივნისს პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს დააკავეს.

რატიანს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.