Дождь-ის რედაქტორს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამოხატული პოზიციისთვის დაუსწრებლად ასამართლებენ

პუბლიკა

ტაგანსკის რაიონულმა სასამართლომ მოსკოვში ტელეკომპანია „დოჟდის“ რედაქტორის, ვალერია კიჩიგინას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის განხილვა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “Дождь” ავრცელებს. 

მედიის ცნობით, ჟურნალისტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე “ფეიკების” (რუსეთის არმიის შესახებ ყალბი ამბების გავრცელების) მუხლით, 2008 წლის საქართველოს ომის კრიტიკის გამო, დაიწყო. ეს პირველი სისხლის სამართლის საქმეა, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომს არ უკავშირდება. 

როგორც ტელეკომპანია წერს, ჟურნალისტს ბრალი ორ ეპიზოდში ედება: რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შესახებ სოციალურ ქსელ instagram-ზე გამოქვეყნებული პოსტის გამო და მეორე, ბუჩის მოვლენებთან დაკავშირებით, ჟურნალისტ დმიტრი კოლეზევის სტატიის გაზიარების გამო.

საქმის მასალების მიხედვით, 2023 წელს გამოქვეყნებულ პოსტში ვალერია კიჩიგინა წერდა: „15 წელია საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული“.

ამ დროისთვის ჟურნალისტი რუსეთში იმყოფებოდა. სისხლის სამართლის საქმე მოგვიანებით,  2024 წლის ნოემბერში აღიძრა, ხოლო 2025 წლის იანვარში კიჩიგინას ოჯახში ჩხრეკა ჩატარდა. მარტში ჟურნალისტს დაუსწრებლად შეუფარდეს პატიმრობა და ძებნაში გამოაცხადეს.

“დოჟდის” ინფორმაციით, საქმის მასალებში ბრალის მიზეზად მითითებულია, რომ კიჩიგინამ „შეარყია და შებღალა რუსეთის შეიარაღებული ძალების ავტორიტეტი საზოგადოებაში, რამაც მოქალაქეებში გამოიწვია შფოთვის, შიშის, მოუსვენრობისა და სახელმწიფოს მხრიდან დაუცველობის განცდა“.

„საქმის მასალების გაცნობის შემდეგ ეჭვი აღარ დამრჩა, რომ ეს საქმე ჩემი ჟურნალისტური საქმიანობისა და ბაიმაკის საქმის გაშუქების გამოა. თუ მათ ეს ისტორია ჯერ კიდევ 2023 წელს აღმოაჩინეს, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში ჩემს Instagram-ზე რჩებოდა, რატომ არ აღძრეს საქმე მაშინვე? რატომ მხოლოდ წელიწად-ნახევრის შემდეგ და თანაც სწორედ უფაში? მე რეგისტრირებული ვარ მოსკოვში და 2015 წლიდან უფაში არ ვცხოვრობ. გამომძიებელი მიზანმიმართულად ეძებდა ჩემზე რაიმეს და უკეთესი ვერაფერი იპოვა, გარდა საქართველოს ომისა“, – აღნიშნა ვალერია კიჩიგინამ „დოჟდთან“ ინტერვიუში.