„Эхо Москвы"-ს ჟურნალისტი ვარაუდობს, რომ თბილისში მოწამლეს - The Insider

პუბლიკა

რუსეთიდან წასული ჟურნალისტებისა და აქტივისტების სავარაუდო მოწამვლის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „The Insider“ ავრცელებს და ვრცელ საგამოძიებო მასალას აქვეყნებს.

მასალიდან ირკვევა, რომ ჟურნალისტებისა და აქტივისტების სავარაუდო მოწამვლა ევროპის რამდენიმე ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოში მოხდა.

საუბარია „Новой газета“-ს და „Медуза”-ს ჟურნალისტის ელენა კოსტიუჩენკოს, „Эха Москвы“-ს ჟურნალიტის ირინა ბაბლოიანის და „Свободная Россия“-ს ხელმძღანელის ნატალია არნოს მოწამვლაზე.

„The Insider“-მა მოწამვლის შესახებ გარემოებები სხვადასხვა ექსპერტებთან ერთად განიხილა, მათ შორის ქიმიური იარაღის სპეციალისტთან და ათამდე სხვადასხვა სპეციალობის ექიმთან.

გამოცემა წერს, რომ გასული წლის ოქტომბერში „Новой газета“-ს და „Медуза” -ს ჟურნალისტი, ელენა კოსტიუჩენკო მიუნხენში მოწამლეს. ერთი კვირის შემდეგ კი „Эха Москвы“-ს ჟურნალისტი, ირინა ბაბლოიანი თბილისში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა და საეჭო სიმპტომები სწორედ საქართველოში ყოფნის პერიოდში გამოუვლინდა.

„Эха Москвы-ს ჟურნალისტი ირინა ბაბლოიანი ოქტომბრის შუა რიცხვებში მოსკოვიდან თბილისში ჩავიდა და სასტუმჯრო „ქინგ თამარში” ცხოვრობდა. 25 ოქტომბრის საღამოს მან თავი ცუდად იგრძნო და დილით  თავბრუსხვევით და მძიმე სისუსტით გაიღვიძა. 26 ოქტომბრის საღამოს კი ხელის და ფეხის გულები გაუმუქდა და ეწვოდა.

ამ უცნაური სიმპტომების მიუხედავად, 27 ოქტომბერს მან ერევანში ჩასვლა მაინც გადაწყვიტა. მანქანაში ის ძალიან ცუდად გახდა, გონება დაუბნელდა და კონცენტრირება არ შეეძლო“ , – წერს გამოცემა.

„შეგრძნება მქონდა რომ სხეული მე არ მეკუთვნოდა. ძლიერმა შფოთვამ ამიტანა“, – უყვება „The Insider”-ს ირინა ბაბლოიანი.

როგორც სტატიიდან ირკვევა, ერევნის სასტუმროში მყოფმა ირინამ მუცლის ძლიერი ტკივილი იგრძნო, რასაც პირღებინება მოჰყვა, პირში კი მეტალის გემოს გრძნობდა.

მსგავსს სიმპტომებს აღწერს ასევე „Новой газета“-ს და „Медуза” -ს ჟურნალისტი ელენა კოსტიუჩენკოც. თუმცა ერთი განსხვავებით – ირინას დროდადრო სხეულზე წითელი ფერის გამონაყარი უჩნდებოდა. სისუსტე, უძილობა და ტკივილი კი დაახლოებით 2 დღეში გაქრა.

გამოცემის ინფორმაციით, ირინა ბაბლოიანს ტოქსიკოლოგისთვის არ მიუმართავს, რადგან როგორც სტატიაშია აღნიშნული, ის ვერ წარმოიდგენდა, რომ ვინმე მის მოწამვლას მოინდომებდა.

ირკვევა, რომ რამდენიმე თვეში, ბერლინში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ ირინამ კლინიკაში ტოქსიკოლოგიური ანალიზისთვის სისხლი ჩააბარა, თუმცა ანალიზის შედეგები არ მიუღია.

„კლინიკაში მას უთხრეს, რომ მისი სისხლის ნიმუშები „დაიკარგა“. ის პოლიციელებმა გამოკითხეს. ირინამ ახლახან ისევ ჩააბარა ანალიზი ტოქსიკოლოგიური გამოკველევისთვის, თუმცა დიდი დროის გასვლის შემდეგ, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო ტოქსიკების კვალის აღმოჩენა“, – წერს გამოცემა.

The Insider-ის მიერ ჩაწერილი ექსპერტების შეფასებით, ელენა კოსტიუჩენკოს სიტუაციისგან განსხვავებით, ირინა ბაბლოიანის შემთხვევაში უფრო რთულია მოწამვლის შესახებ დასკვნების გაკეთება, რადგან ანალიზების პასუხები მწირია, თუმცა მათივე თქმით, აღწერილი სიმპტომების მსგავსება იძლევა ვარაუდის საშუალებას, რომ  შეიძლებოდა მომხდარიყო იგივე ან მსგავსი მომწამვლელი აგენტის გამოყენება, „მაგრამ მაინც ძნელი სათქმელია, რომლის”.