​საქართველო ალექსანდრე ნავალნის მოწამვლის ფაქტზე ევროკავშირის განცხადებას მიუერთდა

პუბლიკა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის 3 სექტემბერს, ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ევროკავშირის დელეგაციის ინიციატივით, ალექსანდრე ნავალნის მოწამვლის ფაქტზე იმსჯელეს. სხდომაზე აღნიშნულ საკითხზე გაკეთდა ევროკავშირის განცხადება, რომელსაც  საქართველო მიუერთდა.

„ევროკავშირის განცხადებაში გამოხატულია შეშფოთება ნავალნის ტესტებში “ნოვიჩოკის” ჯგუფის ქიმიური ნივთიერების აღმოჩენასთან დაკავშირებით და  ხაზგასმულია ნავალნის მოწამვლის საქმეზე რუსეთის ხელისუფლების მიერ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიების დაწყების აუცილებლობა”, – აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.


გერმანიის მთავრობის თქმით, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ქიმიური ნივთიერებით მოწამლეს.

როგორც BBC წერს, ტოქსიკოლოგიურმა ტესტმა აჩვენა „უდავო მტკიცებულება“ იმისა, რომ  ნავალნი მოწამლულია „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ქიმიური აგენტით.

რუსი ოპოზიციონერი, ბლოგერი, ანტიკორუფციული მოძრაობის წევრი ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა, როდესაც თვითმფრინავში შეუძლოდ გახდა. თვითმფრინავი ომსკში საგანგებოდ დაეშვა.

21 აგვისტოს არასამთავრობო ორგანიზაცია Cinema for Peace-მა კომაში მყოფი ნავალნის გერმანიაში სამკურნალოდ გადასაყვანად რუსეთში სასწრაფო დახმარების თვითმფრინავი გააგზავნა. ომსკის საავამდმყოფოს ექიმები თავდაპირველად აცხადებდნენ, რომ ალექსეი ნავალნის მდგომარეობა კრიტიკული იყო და მისი გერმანიაში გადაყვანა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე შეუძლებელი იყო. ომსკის საავადმყოფოს ექიმების დიაგნოზის მიხედვით, რუსი ოპოზიციონერს ნივთიერებათა ცვლის დარღვევა ჰქონდა.