სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება „ტვ პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს – გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ №6 პენიტენციურ დაწესებულებაში 3 მსჯავრდებული შიმშილობს.
განცხადებია თანახმად, გავრცელებული ინფორმაცია, 10-მდე მსჯავრდებულის შიმშილობისა და მათ მიმართ სამედიცინო პერსონალის მხრიდან არასათანადო ყურადღების შესახებ, დეზინფორმაციაა.
„სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ №6 პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობს 3 მსჯავრდებული. აღსანიშნავია, რომ ორმა მათგანმა შიმშილობა გამოაცხადა მხოლოდ 14 აგვისტოს, აღნიშნული მედიასაშუალების სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ.
რაც შეეხება მსჯავრდებულთა სამედიცინო მომსახურებას, ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში მედიკოსები მუშაობენ 24-საათიან რეჟიმში და ნებისმიერ ბრალდებულს/მსჯავრდებულს მოთხოვნისთანავე აწვდიან სრულყოფილ სამედიცინო მომსახურებას. სიუჟეტში ნახსენებ მსჯავრდებულ გ.ჭ.-ს №6 პენიტენციურ დაწესებულებაში შემოსახლების შემდეგ ჩაუტარდა მრავალმხრივი მკურნალობა და არაერთხელ გაეწია კონსულტაცია სხვადასხვა პროფილის ექიმების მიერ. მიმდინარე წლის 11 და 12 აგვისტოს ის ოჯახის ექიმმა გასინჯა და მსჯავრდებულს არანაირი ჩივილები არ აღმოაჩნდა.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ დისციპლინური სახდელის დაკისრება მსჯავრდებულებისათვის ხდება კანონმდებლობის სრული დაცვით, მათი მხრიდან დისციპლინური გადაცდომის შესაბამისად. მაგალითისთვის, მსჯავრდებულ გ. ჭ.-ს №6 პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში არაერთი დისციპლინური გადაცდომა დაუფიქსირდა, რის გამოც, რიგ შემთხვევებში, მას რამდენიმე დისციპლინური სახდელი დაეკისრა“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.