Азимут: კვირაში დაახლოებით 1 300 მგზავრის გადაყვანას ვპროგნოზირებთ

პუბლიკა

რუსული გამოცემა „როსბიზნესკონსალტინგი“ (РБК) ავიაკომპანია „აზიმუტის“ დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელსა და თანამფლობელს, პაველ უდოდს მოსკოვი-თბილისის რეისების შესახებ ესაუბრა.

უდოდის თქმით, თითქმის 4-წლიანი პაუზის შემდეგ რუსეთსა და საქართველოს შორის პირველი ფრენა 19 მაისს შესრულდება.

გამოცემის ცნობით, რეგულარული ფრენები კვირაში შვიდჯერ, 2023 წლის ოქტომბრამდე შესრულდება.

რაც შეეხება ზამთრის განრიგს, უდოდი იმედოვნებს, რომ ეს მიმართულება სტაბილური იქნება. „ასეა თუ არა ეს, უახლოეს ორ თვეში გაირკვევა“.

უდოდის თქმით, თბილისის მიმართულებით ბილეთების გაყიდვა „კარგად, აქტიურად მიმდინარეობს, მაგრამ აჟიოტაჟი არ არის“. მისი გათვლით, რუსეთ-საქართველოს რეისებზე სავარძლების 90% შევსებული იქნება.

ავიაკომპანიის ფლოტს ჰყავს 19 Sukhoi Superjet თვითმფრინავი 100-103 მგზავრის ტევადობით, ანუ მხოლოდ „აზიმუტი“ ემზადება ყოველ კვირას მოსკოვსა და თბილისს შორის დაახლოებით 1 300 ადამიანის გადასაყვანად.

ცნობისთვის, დღეს 16 მაისს რუსეთში იმავე სიხშირით ფრენის ნებართვა მიიღო „ჯორჯიან ეარვეისმაც“

უდოდის თქმით, 16 მაისის დილის მონაცემებით, თბილისის მიმართულებით დაახლოებით 40 ბილეთი გაიყიდა, თბილისიდან კი – 30.

მოსკოვი-თბილისის ფრენების გარდა, „აზიმუტი“ დაინტერესებულია ავიარეისების განხორციელებით ბათუმსა და ქუთაისში, მათ შორის, რუსეთის რეგიონებიდან.

„ახლა ეს განიხილება, მაგრამ უნდა გავიგოთ, რა იქნება რეისებისა და ნებართვების რაოდენობა – აქ გადამწყვეტი როლი ტრანსპორტის სამინისტროს მარეგულირებელსა და ქართულ მხარეს ეკისრება. […] მიმდინარეობს კონსულტაციები“, – ამბობს კომპანიის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი.

კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, „აზიმუტი“ მოსკოვი-თბილისის ხაზზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნოტის თანახმად არის დანიშნული. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ასევე უზრუნველყო ყველა საჭირო ნებართვა საფრენი პროგრამისთვის, ხოლო თბილისის აეროპორტმა – დროის განრიგი (სლოტები), თვითმფრინავების სახმელეთო მომსახურებისთვის ყველა საჭირო კონტრაქტი.

გამოცემის ცნობით, მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით ერთი მიმართულებით ფრენის ფასი მაისში 17 458 რუბლიდან იწყება, ივნისში – 20 838 რუბლიდან.

„ფასს ბაზარი განსაზღვრავს. ეს არის ბილეთის საშუალო ფასი, რომელსაც მგზავრი იხდის [მოსკოვიდან ფრენისთვის] საქართველოში ერევნის გავლით. [ფასი] ჩვენ არ გაგვიზრდია, რადგან პირველი რეისები [თბილისისკენ] მგზავრების მოზიდვას საჭიროებს“, – ამბობს უდოდი.

უდოდმა ასევე ისაუბრა აეროპორტში ტექნიკურ მომსახურებაზე და აღნიშნა, რომ მათი თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურება თბილისის აეროპორტში განხორციელდება Transit Check ფორმის მიხედვით (მომსახურების ყველაზე მარტივი ფორმა), რომელსაც ახორციელებენ პილოტები. „თუ საჭირო იქნება [უფრო შრომატევადი ფორმა], ჩვენ თვითონ მოვემსახურებით თვითმფრინავს“, – დასძინა უდოდმა.

LB image desktop LB image mobile