რუსულ ავიაკომპანია „აზიმუტს“ ოკუპირებული რეგიონები ქვეყნებად აქვს მითითებული

პუბლიკა

რუსულ ავიაკომპანია „აზიმუტს“, რომელიც 17 მაისიდან თბილისში იფრენს, საქართველოს ოკუპირებული რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აქვს მითითებული.

საიტზე booking.azimuth.aero მომხმარებელს შეუძლია ქვეყნის გრაფაში აფხაზეთი ან სამხრეთ ოსეთი მიუთითოს.

დღეს, 15 მაისს შესწავლის შემდეგ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ „აზიმუტს“ ქვეყანაში ფრენის ნებართვა მისცა.

განახლება: მასალის გამოქვეყნების შემდეგ, რამდენიმე საათში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტიორიები აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები კომპანიის საიტზე აღარ იძებნებნებოდა. 


რუსული ავიაკომპანია Azimuth Airlines 2022 წლის 19 ოქტომბრიდან უკრაინის მიერ სანქცირებული კომპანიების სიაშია. ავიაკომპანია 17 მაისიდან რეისს მოსკოვი – თბილისი – მოსკოვი კვირაში შვიდჯერ შეასრულებს.

უკრაინის საგარეო უწყების მხარდაჭერილ პორტალზე სანქცირების მიზეზი ასეა განმარტებული:

„კომპანია მუშაობს რუსეთის მთავრობისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის სექტორებში და უზრუნველყოფს მაღალი დონის მატერიალურ მხარდაჭერას (სატრანსპორტო, ლოჯისტიკური და სხვა) იმ ქმედებებისთვის, რომელიც ძირს უთხრის  უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას“

თბილისში ფრენების ნებართვის გაცემას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ. პუტინის ეს გადაწყვეტილება მოიწონეს საქართველოს მთავრობაში, ხოლო პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლებას მოუწოდა, განიხილოს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიჟო რეჟიმის დაწესების საკითხი.