ОДКБ-ს სამიტის დოკუმენტების ხელმოწერაზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა უარი თქვა

პუბლიკა

ერევანში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) სამიტზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უარი თქვა ОДКБ-ს კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს დეკლარაციასა და სომხეთის დასახმარებლად გაერთიანებული ზომების შესახებ დოკუმენტის ხელმოწერაზე.

ნიკოლ ფაშინიანმა მოუწოდა ОДКБ-ს წევრ ქვეყნებს, რომ პოლიტიკური შეფასება მისცენ სომხეთის წინააღმდეგ აზერბაიჯანის მოქმედებებს, რასაც ის აგრესიად მიიჩნევს. ასევე, მისი თქმით, სომხეთის მოკავშირეებმა უნდა მოითხოვონ ბაქოსგან, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა დატოვონ მათ მიერ ოკუპირებული ტერიტორიები. ამ ნაბიჯებისგან თავშეკავება კი ფაშინიანის თქმით ნიშნავს, რომ „ОДКБ-მ უარი თქვა თავისი ვალდებულებების შესრულებაზე“.

თავის მხრივ, როგორც მანამდე ბელარუსის ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ განაცხადა, სომხეთმა დოკუმენტში თავისი შესწორებები შეიტანა, რის მიღებაზეც უარი ორგანიზაციის სხვა წევრებმა თქვეს.

სექტემბერში აზერბაიჯანის მიერ წამოწყებული სამხედრო დაპირისპირების შემდეგ, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა სომხეთის ტერიტორიის გარკვეული ნაწილი დაიკავეს. ერევანში აცხადებენ, რომ ამით შეილახა მათი ტერიტორიული მთლიანობა და მოუწოდებენ ბაქოს, გაიყვანოს სამხედროები სომხეთის ტერიტორიიდან. სომხეთის ხელისუფლება აქტიურ მოქმედებებს მოითხოვს ОДКБ-ს წევრი ქვეყნებისგანაც.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი შედიან.

გუშინ ერევანში დაწყებულ სამიტზე დასასწრებად ჩავიდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც. მან განაცხადა, რომ იმედოვნებდა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდებოდა. პუტინის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა კი ОДКБ-დან სომხეთის გასვლა გამორიცხა.

პუტინს საპროტესტო აქციით დახვდნენ ერევანში მოქალაქეებიც. საპროტესტო აქციის მონაწილეები ОДКБ-დან სომხეთის გამოსვლას მოითხოვდნენ.