ავტორი: არშალუის ბარსეღიანი
სომხეთის პარლამენტში ხუთშაბათს, 29 ოქტომბერს მმართველი პარტია „სამოქალაქო შეთანხმებისა“ და ოპოზიციური ფრაქცია „ძლიერი სომხეთის“ დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ჩხუბის დროს მმართველი პარტიის ერთ-ერთმა დეპუტატმა ოპოზიციონერ კოლეგებს სკამი ესროლა. მოგვიანებით პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თავისი პარტიის წევრების მოქმედებები გაამართლა და განაცხადა, რომ სკამის სროლა „თანაზომიერი და სწორი“ იყო.
ეს ივნისის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალ პარლამენტში მომხდარი ყველაზე ძალადობრივი ინციდენტია. მანამდე, რამდენიმე თვის განმავლობაში, დეპუტატებს შორის არაერთი დაძაბული სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
ინციდენტი მმართველი პარტიის დეპუტატ ტარონ ჩახოიანის გამოსვლის დროს დაიწყო. მან ოპოზიცია, მათ შორის „ძლიერი სომხეთი“ დაადანაშაულა იმაში, რომ „კორუფციაშია ჩაფლული“.
„კორუფციაში ჩაფლული ადამიანები კორუფციაზე, ყალბ ანგარიშებსა და ოჯახის წევრების მიმართ თავდასხმებზე საუბრობენ. ბატონო [ნარეკ] კარაპეტიან, ჩემი ბრალი არ არის, რომ მთელი თქვენი ოჯახი პოლიტიკაშია ჩართული, მათ შორის ბიძა, მამა და ბიძაშვილი, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში სამინისტროს გახსნაც კი სცადა. ჩემი ბრალი არ არის, რომ მას ისეთი სამინისტროს გახსნა სურდა, რომელიც ყველა ქალს დააკმაყოფილებდა. ამის გამო ქალებისთვის ბოდიში დღემდე არ მოგიხდიათ“, – განაცხადა ჩახოიანმა.
ჩახოიანი იანვარში სარგის კარაპეტიანის მიერ გაკეთებულ სადავო განცხადებებს გულისხმობდა, როცა კარაპეტიანმა თქვა, რომ მისი პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, სომხეთში „უკმაყოფილო ქალი არ იარსებებდა“. ამასთან, მან ჰიპოთეტური სექსის სამინისტროს შექმნის შესაძლებლობაზე ისაუბრა. განცხადებებს საზოგადოებაში მწვავე რეაქცია მოჰყვა, კრიტიკოსებმა კი ის სექსიზმში დაადანაშაულეს.
სარგის კარაპეტიანი „ძლიერი სომხეთის“ ლიდერის, ნარეკ კარაპეტიანის ბიძაშვილი და პრორუსი სომეხი მილიარდერის, სამველ კარაპეტიანის შვილია.
ჩახოიანის განცხადებებს ნარეკ კარაპეტიანი ადგილიდან შეძახილებით გამოეხმაურა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დეპუტატები ტრიბუნასთან და ფრაქციის ლიდერის გარშემო შეიკრიბნენ.
რამდენიმეწუთიანი დაპირისპირების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე რუბენ რუბინიანმა განაცხადა, რომ სხდომას არ შეაჩერებდა.
„განზრახ არ შევაჩერებ სხდომას, რათა ყველამ დაინახოს ეს ყველაფერი“, – თქვა რუბინიანმა.
„თქვენ გადაწყვიტეთ, იქნება ჩხუბი თუ არა. მე წინააღმდეგი არ ვარ, თქვენ გადაწყვიტეთ, ან დაიშალეთ და დაიკავეთ თქვენი ადგილები. შესვენებას არ გამოვაცხადებ, მოთმინებით გელოდებით“, – დასძინა მან.
საბოლოოდ, დაპირისპირება ფიზიკურ ძალადობაში გადაიზარდა. ჩახოიანმა ოპოზიციონერ დეპუტატს ჭიქიდან წყალი შეასხა, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მმართველი პარტიის წევრმა ვაჰაგნ ალექსანიანმა ოპოზიციონერი დეპუტატების მიმართულებით სკამი ისროლა. მოგვიანებით დეპუტატები სხდომათა დარბაზიდან დაზიანებებითა და დახეული ტანსაცმლით გამოდიოდნენ.
ჩხუბის დროს დეპუტატები ერთმანეთს ბოთლებს ესროდნენ და მაგიდებისა და სკამების გადაყირავებაც სცადეს. საბოლოოდ, რუბინიანმა შესვენება გამოაცხადა, რომელიც დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა.
„რადიო თავისუფლების“ ცნობით, დაპირისპირება პარლამენტის დერეფნებშიც გაგრძელდა, სადაც უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დაპირისპირებულ მხარეებს შორის ცოცხალი ჯაჭვი შექმნეს.
სხდომის განახლების შემდეგ რუბინიანმა ჩხუბის დაწყებაში ნარეკ კარაპეტიანი დაადანაშაულა. მისი თქმით, მან ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერი ნახა და ჩახოიანს გამოსვლისას „არც ერთი შეურაცხმყოფელი სიტყვა არ გამოუყენებია“.
„თქვენ, ბატონო კარაპეტიან, საკუთარ თავსა და ემოციებს ვერ გაუმკლავდით. ადგილიდან შეურაცხმყოფელ შეძახილებს აკეთებდით, შემდეგ კი წამოდექით და ტარონ ჩახოიანისთვის დარტყმის მიყენება სცადეთ. ამის შემდეგ გარნიკ დავთიანმა ჩახოიანს პირველად დაარტყა და შემდეგ ის მოხდა, რაც მოხდა“, – განაცხადა რუბინიანმა.
მან ასევე ისაუბრა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, „ძლიერი სომხეთის“ დეპუტატების თანაშემწეები დერეფნებში „სამოქალაქო შეთანხმების“ წევრებს დაესხნენ თავს. რუბინიანის თქმით, ეს ინფორმაცია გადამოწმებას საჭიროებს. მან დასძინა, რომ თუ ფაქტი დადასტურდება, პასუხისმგებელ პირებს პარლამენტიდან გარიცხავენ.
რუბინიანმა უარყო ოპოზიციონერი დეპუტატების კრიტიკა, რომ მისი მხრიდან დროული ჩაურევლობის გამო ვითარება გამწვავდა. თუმცა მას საკუთარი პარტიის წევრების ქმედებებზე, მათ შორის ალექსანიანის მიერ ოპოზიციონერების მიმართულებით სკამის სროლაზე, კომენტარი არ გაუკეთებია.
ინციდენტს ფაშინიანი სოციალურ ქსელ Facebook-ზეც გამოეხმაურა.
„მეგონა, ფიზიკურად მაინც იყვნენ ძლიერები. როგორც ჩანს, არც ეს ყოფილა ასე“, – დაწერა მან. სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრმა სიტყვებით ითამაშა და „ძლიერი სომხეთის“ პარტიის სახელწოდებას მიანიშნა.
კომენტარებში რუბინიანმა უპასუხა, რომ ისიც „ძალიან იმედგაცრუებული“ იყო. თავის მხრივ, ჩახოიანმა დაწერა, რომ „ერთგვარად ნაწყენია. ჩხუბს იწყებენ და შემდეგ გარბიან“.
ყოველკვირეულ პრესკონფერენციაზე ფაშინიანმა ძალადობა დაგმო, თუმცა „სამოქალაქო შეთანხმების“ დეპუტატების მოქმედებები დაიცვა.
„ძალადობას ვგმობ, მაგრამ დღეს „სამოქალაქო შეთანხმების“ ფრაქციის მიერ მიღებულ ზომებს მხარს ვუჭერ, რადგან ოპოზიციაში ყოფნა არ ნიშნავს, რომ თავხედურად უნდა მოიქცე“, – განაცხადა მან.
„იქნება ეს სკამით თუ სხვა რამით, ეს თანაზომიერი და სწორია“,- დასძინა ფაშინიანმა.
შესვენების შემდეგ ტარონ ჩახოიანმა საზოგადოებას ოპოზიციის ქცევის გამო ბოდიში მოუხადა და მომხდარს „ხულიგნობა“ უწოდა. ამასთან, მან განაცხადა, რომ ინციდენტი წინასწარ იყო დაგეგმილი.
ნარეკ კარაპეტიანმა კი მომხდარს „ჩვეულებრივი, სომხური სტილის კაცური ჩხუბი“ უწოდა.
„ადამიანებმა, რომლებიც თვეების განმავლობაში ნერვებს გვიშლიდნენ, პირდაპირ პირში მიიღეს – თანაც საკმაოდ მწარედ“, – განაცხადა კარაპეტიანმა.
სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველმა ანაჰიტ მანასიანმა მომხდარი მკაცრად დაგმო. მისი თქმით, პარლამენტი დემოკრატიული დებატების სივრცე უნდა იყოს და არა „ბრძოლის ველი“.
„ინციდენტი კანონით დადგენილი პროცედურის შესაბამისად სათანადოდ უნდა იქნეს გამოძიებული“, – დასძინა მანასიანმა.
სტატია მომზადებულია OC Media-სთან პარტნიორული შეთანხმების ფარგლებში. შესაძლოა, მცირედ რედაქტირებული იყოს სტილისტური თვალსაზრისით. სტატიის ორიგინალი ვერსია შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.