დღეს, 20 ნოემბერს ბრიუსელში ევროკავშირი-დიდი ბრიტანეთის სამიტი გაიმართა.
შეხვედრის შემდეგ მხარეებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც, სხვა საკითხებთან ერთად ნათქვამია, რომ ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი თანამშრომლობენ აღმოსავლეთ ევროპის ფართო სამეზობლოს ქვეყნებთან, მათ შორის შავი ზღვის რეგიონთან და ასევე, „კვლავ მტკიცედ უჭერენ მხარს მოლდოვას რუსეთის მხრიდან განგრძობადი და ცვალებადი ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ ბრძოლაში, აგრეთვე იმ გამოწვევებთან გამკლავებაში, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომით არის გამოწვეული“.
გარდა ამისა, განცხადებაში ხაზგასმულია, რომ „უკრაინის უსაფრთხოება ევროპის უსაფრთხოებაა“ და რომ „უკრაინის უსაფრთხოების მხარდასაჭერად თანამშრომლობა კვლავ პრიორიტეტად დარჩება.
განცხადების თანახმად, გაერთიანებული სამეგო და ევროკავშირი, თანამოაზრე პარტნიორებსა და მოკავშირეებთან კოორდინაციით, გააგრძელებენ უკრაინის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ფინანსურ, სამხედრო, ჰუმანიტარულ და დიპლომატიურ მხარდაჭერას „იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“.
„ამასთან, მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს, სწრაფად გააძლიერონ დახმარება, რათა უკრაინას გადაუდებელი ფინანსური და სამხედრო საჭიროებების დაკმაყოფილებაში დაეხმარონ“, – ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი ასევე აცხადებენ, რომ გააგრძელებენ კოორდინაციის გაძლიერებას რუსეთზე ზეწოლის გაზრდის მიზნით, „განსაკუთრებით სანქციების გზით, რუსეთის ჰიბრიდული საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლით და ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად მუშაობით“.
„ეს მშვიდობა უნდა ეფუძნებოდეს გაეროს წესდებითა და საერთაშორისო სამართლით განსაზღვრულ პრინციპებს და განმტკიცებული უნდა იყოს უკრაინისთვის მტკიცე და სანდო უსაფრთხოების გარანტიებით.
ასევე, გავაგრძელებთ თანამშრომლობას უკრაინის აღდგენისა და რეკონსტრუქციის მიმართულებით, მათ შორის, უკრაინის მხარდაჭერის მექანიზმის (Ukraine Facility) ფარგლებში“, – ნათქვამია განცხადებაში.
დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი აღნიშნავვენ, რომ უკრაინის მხარდამჭერი ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისია (EUMAM Ukraine) და გაერთიანებული სამეფო გააგრძელებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების წვრთნის მხარდაჭერას და მჭიდრო კოორდინაციას გაუწევენ „მსურველთა კოალიციას“, რომელსაც გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და გერმანია თანათავმჯდომარეობენ, მათ შორის, უკრაინაში მრავალეროვნული ძალების განთავსების საკითხშიც.
განცხადებაში წერია, რომ ევროკავშირი გაერთიანებული სამეფოს მონაწილეობას ევროკავშირის უკრაინის მხარდამჭერი სესხის (Ukraine Support Loan) ფარგლებში, რაც უკრაინის მხარდაჭერის მიმართულებით წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა Brexit-ის შემდეგ ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა სტუდენტების სწავლის საფასურის საკითხი კვლავ გადაუჭრელი რჩება.
ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნჰემმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადეს.
ბერნჰემის თქმით, შეხვედრის მიზანი პარტნიორებთან ურთიერთობების აღდგენა და უფრო კონსტრუქციული თანამშრომლობის ჩამოყალიბება იყო. მან ასევე აღნიშნა, რომ Brexit-მა ახალგაზრდებს შესაძლებლობები შეუზღუდა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირში ყოველთვის იქნება მისასალმებელი. ურსულა ფონ დერ ლაიენმა კი გამოთქვა მზადყოფნა, ბერნჰემთან ერთად იმსჯელოს იმაზე, თუ როგორი შეიძლება იყოს Brexit-ის შემდგომი ურთიერთობები.
სამიტის ფარგლებში მხარეებმა ერთობლივ შეთანხმებას მიაღწიეს რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის ახალგაზრდების მობილობისა და სათბურის აირების ემისიების საკითხებზე. თუმცა მთავარ დაბრკოლებად გაერთიანებული სამეფოს უნივერსიტეტებში ევროპელი სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის განსაზღვრა რჩება.
როგორც POLITICO წერს, ევროკავშირი იტოვებს უფლებას, უარი თქვას შეთანხმებების მთლიან პაკეტზე, თუ ლონდონი ექვსი თვის ვადაში ევროპელი სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის თანაბარ პირობებზე არ შეთანხმდება.
გამოცემის ინფორმაციით, მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა რთულად მიმდინარეობდა. ევროკავშირის წევრი ქვეყნები Brexit-იდან ათი წლის შემდეგაც უკმაყოფილონი არიან ბრიტანეთის გადაწყვეტილებით და დამატებითი დათმობების სანაცვლოდ მნიშვნელოვან საპასუხო ნაბიჯებს ელიან.
მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის მაღალჩინოსნები აცხადებენ, თითქოს მიღწეული შეთანხმებები ერთმანეთთან დაკავშირებული არ არის, ევროკავშირის წარმომადგენლები და დიპლომატები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ წევრი ქვეყნები მათ ცალ-ცალკე არ დაამტკიცებენ.
ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმებები ერთიან პაკეტს წარმოადგენს და მათზე მოლაპარაკებები ვერ დასრულდება მანამ, სანამ სწავლის საფასურთან დაკავშირებით თანაბარი მოპყრობის შესახებ დამატებითი შეთანხმება არ იქნება მიღწეული.
POLITICO-სთან საუბრისას ორმა ევროპელმა დიპლომატმა და ევროკავშირის ერთმა მაღალჩინოსანმა განმარტეს, რომ თუ მხარეები ევროპელი სტუდენტებისთვის ბრიტანეთის უნივერსიტეტებში სწავლის საფასურზე ვერ შეთანხმდებიან, ევროკავშირის წევრი ქვეყნები სხვა შეთანხმებებსაც არ დაამტკიცებენ.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნჰემმა კი განაცხადა, რომ შეთანხმების გარშემო გაურკვევლობა არ არსებობს და ის უკვე მიღწეულია.
„არ ვფიქრობ, რომ რაიმე გაურკვევლობა არსებობს. შეთანხმება მიღწეულია. ის თქვენს წინაშეა, შავზე თეთრით წერია“, – თქვა ენდი ბერნჰემმა.