თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქვემო ფონიჭალაში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაზიანებული სახლის დემონტაჟი და ახალი პროექტის განხორციელება იქნება საჭირო.
მისივე თქმით, 28 ოჯახი დროებით სასტუმროშია გადაყვანილი, შემდეგ ეტაპზე კი მერია მათთვის საცხოვრებელ სახლებს იქირავებს.
„საშინელი ტრაგედია დატრიალდა. მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახის წევრებს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. რაც შეეხება დაშავებულებს – 2 ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. მინდა, მათ მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო და იმედი მაქვს, რამდენიმე დღეში ისინი სახლებს დაუბრუნდებიან.
როგორც გუშინ მოგახსენეთ, 28 ოჯახი, 143 ადამიანი სასტუმროშია გადაყვანილი დროებით. რა თქმა უნდა, შემდეგ ეტაპზე ჩვენ მოვახდენთ უზრუნველყოფას, რომ ვიქირაოთ საცხოვრებელი სახლები მათთვის, რომ არანაირი პრობლემა არ შეექმნათ.
რაც შეეხება საბოლო გადაწყვეტას – რა თქმა უნდა, აუცილებელი იქნება აღნიშნული სახლის დემონტაჟი და ახალი პროექტის განხორციელება. ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც დანარჩენ სადარბაზოებში ცხოვრობენ, თუ სურვილი ექნებათ ჩანაცვლების პროგრამაში მონაწილეობის, მუნიციპალიტეტი მზადაა, იქაც შესაბამისი პროექტი განახორციელოს,“ – თქვა კალაძემ.
ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა.
კორპუსის მეხუთე სართულზე ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება 19 ნოემბერს მოხდა. შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი მეხუთე სართულზე გაზის გამათბობლის ჩართვა გახდა.
ნანგრევებში მოყოლილებიდან ცოცხალი მხოლოდ 3 წლისა 9 თვის თაია გადარჩა, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს კიდევ 4 დაშავებული. მათგან ერთ-ერთის, 31 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა – მას სხეულის 87%-იანი დამწვრობა აქვს მიღებული.
კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.