თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტის შესაბამისმა სამსახურმა, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან ერთად, შეამოწმა ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის მდგრადობა და დადგინდა, რომ მხოლოდ ორი სადარბაზოა პრობლემური, კორპუსის დანარჩენი ნაწილი კი საცხოვრებლად ვარგისია.
მისივე თქმით, აღნიშნულ სადარბაზოებში მცხოვრებ 28 ოჯახს თბილისის მერია სასტუმროში გადაიყვანს.
„ჩვენმა შესაბამისმა სამსახურმა სამხარაულთან ერთად დაასრულა მთლიანად კორპუსის შემოწმება მდგრადობაზე. მხოლოდ ორი სადარბაზოა პრობლემური – უშუალოდ ის, რომელიც აფეთქდა და გვერდით არსებული სადარბაზო. დანარჩენი ვარგისია საცხოვრებლად. ადამიანებს შეუძლიათ, ცხოვრება განაგრძონ.
ჩვენ გვქონდა მზადყოფნა, მთლიანად კორპუსში მცხოვრები 90 ოჯახი გაგვეყვანა და მოგვეთავსებინა სასტუმროში, თუმცა ამის აუცილებლობა არ არის. მხოლოდ 28 ოჯახზეა საუბარი, დაახლოებით 143 ადამიანზე, რომლებთან მქონდა უშუალო კომუნიკაცია და ყველამ განაცხადა თანხმობა. ეს ადამიანები გადანაწილდებიან სხვადასხვა სასტუმროში და ყველანაირ დახმარებას მიიღებენ, რაც იქნება საჭირო და აუცილებელი, ჩვენი მხრიდან“, – თქვა კახა კალაძემ.
ქვემო ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთა სამძებრო სამუშაოები გრძელდება – მაშველები ამ დრომდე ეძებენ ნანგრევებში მოყოლილ 7 ადამიანს, რომელთა შორის 3 ბავშვია.
ბოლო ინფორმაციით, დაშავებულია 4 ადამიანი, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს – მათ სხვადასხვა სახის სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ.
ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. დამწვრობის ცენტრის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, 31 წლის კაცს სხეულის 87%-იანი თერმული დამწვრობა აღენიშნება, რასაც ემატება სასუნთქი გზების დაზიანებაც.
შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი მეხუთე სართულზე გაზის გამათბობლის ჩართვა გახდა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.