ფონიჭალაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა.
შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის ინფორმაციით, 7 ადამიანი უგზო-უკვლოდაა დაკარგული, რომელთა შორის 3 ბავშვია. მიმდინარეობს მათი სამძებრო სამუშაოები.
დაშავებულია 4 ადამიანი, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, მათ სხვადასხვა სახის სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ.
„ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი კომპეტენციის ფარგლებში, ასევე მუნიციპალური სამსახურები. მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიებები.
ოთხი პირი გამოყვანილია ნანგრევებიდან და გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებებში. მათგან ერთის მდგომარეობა, სამწუხაროდ, მძიმეა.
ასევე მიმდინარეობს შვიდი პირის ადგილსამყოფელის დადგენა. მათ შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვია.
შემთხვევის ადგილიდან ევაკუირებულია მოსახლეობა. ვაგრძელებთ სამაშველო ღონისძიებებს“, – თქვა თამაზაშვილმა.
მისივე თქმით, აფეთქების მიზეზი და კერა იდენტიფიცირებულია.
„ნგრევის საფრთხე რეალურად არის. აფეთქების მიზეზი და კერა იდენტიფიცირებულია. ეს არის გაზის შედეგად მომხდარი, გამათბობლის მიზეზის გამო. მოქალაქე მეხუთე სართულზე ცდილობდა გამათბობლის ჩართვას. როგორც ის ამბობს, ღამე ჩავრთეო, შემდეგ გამოვრთე, დილით ვცადე ჩართვა და აფეთქება მოხდაო. ეს შემიძლია გითხრათ“, – თქვა მინისტრმა.
დამწვრობის ცენტრის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ერთ-ერთ დაშავებულს სხეულის 87%-იანი თერმული დამწვრობა აღენიშნება.
„დაახლოებით ერთი საათის წინ ჩვენს კლინიკაში 31 წლამდე ახალგაზრდა კაცი შემოიყვანეს. მას აღენიშნება სხეულის დაახლოებით 87%-იანი თერმული დამწვრობა, რასაც ემატება სასუნთქი გზების დაზიანებაც. ეს დაზიანებები, სავარაუდოდ, გაზის აფეთქების შედეგად მიიღო. რეანიმაციის განყოფილებაშია. სამწუხაროდ, დიაგნოზი ძალიან მძიმეა“, – განუცხადა ტელეკომპანია „პირველს“ ქაშიბაძემ.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები, პოლიცია და სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.