ევროკავშირი უკრაინას დამატებით 1 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

პუბლიკა

ევროკავშირის საბჭომ ევროპული მშვიდობის ფონდის (EPF) ფარგლებში უკრაინისთვის დამატებითი 1 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ ორი გადაწყვეტილება მიიღო. ორივე გადაწყვეტილება უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ლეტალური და არალეტალური სამხედრო აღჭურვილობის ერთობლივი შესყიდვის დაფინანსებას ითვალისწინებს.

დახმარების ფარგლებში უკრაინას მიეწოდება დრონები, საჰაერო თავდაცვის სისტემები, საბრძოლო მასალა, ელექტრონული ბრძოლის აღჭურვილობა, რადარის სისტემები და ასაფეთქებელი ნივთიერებები. აღჭურვილობის მიწოდება 2027 წლის ბოლომდე უნდა განხორციელდეს.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, რუსეთის ბოლო ქმედებები არ მიუთითებს მშვიდობის სურვილზე. მისი თქმით, რუსეთმა 24 საათის განმავლობაში უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები იმსხვერპლა, კიევში რამდენიმე საელჩო დააზიანა და პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია.

კალასის განცხადებით, დამატებითი დაფინანსება უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას მოხმარდება. მისი თქმით, უკრაინას შეუძლია, ევროპის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს როგორც ბრძოლის ველზე, ისე მოლაპარაკებების მაგიდასთან.

დღევანდელი გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ 2026 წლის 25 სექტემბერს მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების ნაწილია, რომლის თანახმადაც, ევროპული მშვიდობის ფონდის ფარგლებში უკრაინისთვის ჯამში 6.6 მილიარდი ევროს მობილიზებაა გათვალისწინებული.

ევროკავშირის ინფორმაციით, 2021 წლიდან უკრაინის მხარდასაჭერად ევროპული მშვიდობის ფონდიდან ჯამში 11.8 მილიარდი ევრო გამოიყო. აქედან 9.9 მილიარდი ევრო ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ უკრაინისთვის გაწეული ორმხრივი სამხედრო დახმარების ხარჯების ანაზღაურებას მოხმარდა, ხოლო 950 მილიონი ევრო – უკრაინის სამხედრო მომზადების მისიას (EUMAM).

გარდა ამისა, ევროკავშირმა რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული 3.5 მილიარდი ევროს ოდენობის საგანგებო შემოსავლები უკრაინის პრიორიტეტული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად ევროპული მშვიდობის ფონდის მეშვეობით მიმართა. თანხები მოხმარდა საბრძოლო მასალის, საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და დრონების უზრუნველყოფას. ამ დახმარების ფარგლებში უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიისგან პირდაპირ 1.5 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების სამხედრო აღჭურვილობაც შეისყიდეს.