EU სანქციების ოფისს ქმნის, რომელიც სანქციების აღსრულებასა და გვერდის ავლის პრევენციაზე იმუშავებს

პუბლიკა

ევროკომისიამ ევროკავშირის სანქციების ოფისი შექმნა, რომლის მიზანიც სანქციების პოლიტიკის შემუშავების, განხორციელების, აღსრულებისა და მათთვის გვერდის ავლის აღკვეთის მიმართულებით ევროკომისიის საქმიანობის კოორდინაცია იქნება.

ახალი უწყება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს სანქციების ერთგვაროვანი აღსრულების უზრუნველყოფაში დაეხმარება. ამისთვის ოფისი მათ გაუზიარებს შესაბამის მონაცემებს, მიაწვდის რეკომენდაციებს სანქციებთან შესაბამისობის შესახებ და უზრუნველყოფს ეკონომიკურ და ტექნიკურ ანალიზს.

ევროკომისიის განცხადებით, ახალი სტრუქტურის საქმიანობა ევროკავშირის ყველა სანქცირებულ რეჟიმს შეეხება, მათ შორის რუსეთის, ბელარუსის, ირანის, ჩრდილოეთ კორეისა და სირიის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, ასევე – ჰიბრიდულ საფრთხეებსა და ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებულ ზომებს.

ევროკომისია ხაზს უსვამს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულმა სრულმასშტაბიანმა ომმა და ევროკავშირის საპასუხო ზომებმა სანქციები საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად აქცია. ომის დაწყებიდან ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21 პაკეტი მიიღო.

ევროკომისიის შეფასებით, სანქციების მასშტაბმა და სირთულემ აჩვენა, რომ საჭიროა კოორდინაციის გაძლიერება, წევრ ქვეყნებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის გაღრმავება.

ევროკავშირის სანქციების ოფისი ევროკომისიის გენერალური სამდივნოს ფარგლებში შეიქმნება და მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა ფინანსური მომსახურებისა და დანაზოგებისა და ინვესტიციების კავშირის საკითხებში ევროკომისარ მარია ლუის ალბუკერკეს დაეკისრება.

ახალი ოფისის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ევროკავშირის სანქციების სპეციალური წარმომადგენლის მხარდაჭერა იქნება. მისი საქმიანობა სანქციებისთვის გვერდის ავლის პრევენციასა და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობას მოიცავს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა იმ შემთხვევების გამოვლენას, როდესაც სანქციების გვერდის ავლა ალტერნატიული სავაჭრო მარშრუტების, ფინანსური არხებისა და შესყიდვების ქსელების გამოყენებით ხდება.

ევროკომისიამ ევროკავშირის სანქციების განხორციელების საკითხებში საერთაშორისო სპეციალურ წარმომადგენლად ლარს დანიელსონი დანიშნა. ის საქმიანობას 2027 წლის 6 თებერვალს შეუდგება, როდესაც ამჟამინდელ სპეციალურ წარმომადგენელ დევიდ ო’სალივანს უფლებამოსილების ვადა ამოეწურება.

ლარს დანიელსონი შვედი დიპლომატია, რომელსაც შვედეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციასა და ევროკავშირის ინსტიტუტებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. 2016-2023 წლებში ის ევროკავშირში შვედეთის ელჩისა და მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობას იკავებდა.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე ევროკავშირის პასუხის მნიშვნელოვანი ნაწილია.

„თითოეული სანქციების პაკეტით რუსეთის საომარი ეკონომიკის საფუძვლებს ვასუსტებთ. თუმცა ეფექტიანობისთვის აუცილებელია, რომ სანქციები სრულად განხორციელდეს, მკაცრად აღსრულდეს და დაცული იყოს მათთვის გვერდის ავლისგან. სწორედ ამიტომ ვქმნით ევროკავშირის სანქციების ოფისს, რათა გავაძლიეროთ ჩვენი შესაძლებლობები და უზრუნველვყოთ ყველა ჩვენი სანქციური რეჟიმის ეფექტიანობა“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისრის, მარია ლუის ალბუკერკეს განცხადებით, სანქციების ეფექტიანობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგად ხორციელდება და აღსრულდება ისინი.

„ახალი ოფისი გააძლიერებს ევროკომისიის შიგნით კოორდინაციას და გააერთიანებს სხვადასხვა პოლიტიკურ სფეროში არსებულ გამოცდილებას, რათა სანქციების მიმართ უფრო თანმიმდევრული მიდგომა უზრუნველვყოთ. წევრ სახელმწიფოებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით გავაძლიერებთ სანქციების განხორციელებას, აღმოვფხვრით ხარვეზებს და აღვკვეთთ მათთვის გვერდის ავლას“, – თქვა ალბუკერკემ.

ევროკომისიის ინფორმაციით, ახალი ცვლილებები ძალაში 2027 წლის 16 იანვრიდან შევა.